ტელეკომპანია „მაესტროს" ყოფილ გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძესთვის სერიოზულ ეჭვს ბადებს იმ თანხის წარმომავლობა, რომელითაც გიორგი გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გახდა. საუბარია პროცესში პატარკაციშვილების ოჯახის ბიზნესის განმკარგველ ირაკლი რუხაძის მონაწილეობაზე.
„ხომ არა აქვს არანაირი ცუდი გეგმა ირაკლი რუხაძეს? კი ბატონო, ჩადოს ფული მედიაბიზნესში, მე დავრჩები დირექტორად. მიმდინარეობს ბევრი სასამართლო დავა: მამუკა ღლონტს აქვს სარჩელი შეტანილი გიას წინააღმდეგ, რომ ის უკანონოდ ცნობს მის 25% და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კიდევ ბევრი დავა მიმდინარეობს. დასრულდეს ეს დავები და მათ დასრულებამდე ვიქნები დირექტორი", - განაცხადა გადაბაძემ.
ამასთან, გადაბაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს. მისი თქმით, ტელეკომპანია „მაესტროს" შენობასთან მდგარი შავი ჯიპიდან მას ფოტოებს უღებდნენ.
„დავინახე, შავი ჯიპიდან ფოტო გადამიღო ბიჭმა. ეს დაინახეს ჩემმა თანამშრომლებმაც. იუსტიციის სახლში მისვლისას ასევე მომყვებოდა ბიჭი, რომელიც ტელეფონით მიღებდა ფოტოებს", - განაცხადა გადაბაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს, რომ კადრებში მოხვედრილი ავტომობილი ამ სამსახურს არ ეკუთვნის.
მოამზადა ალა გრიგალაშვილმა