ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროს" პარტნიორთა საბჭოს კრებაზე გია გაჩეჩილაძემ მიიღო და მის შემცვლელად ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა. გადაბაძე ტელეკომპანიის გეერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
გია გაჩეჩილაძემ ბაია გადაბაძე შანტაჟის მცდელობაში რამდენჯერმე დაადანაშაულა. ასევე, მან ჟურნალისტებთან საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
„მიზეზები, პირველ რიგში, არის ის, რომ „მაესტროს" აღარ აქვს ის რეიტინგი, როგორიც ჰქონდა და აქვს ნდობა დაკარგული, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ტელეკომპანია არის გაკოტრების პირას მისული -ეს არის მიზეზები, რატომაც დატოვა თანამდებობა გადაბაძემ. ეს მიზეზები რომ გამოსწორდეს, ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
55%-იანი წილის მფლობელი გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მამუკა ღლონტისა და მაკა ასათიანის ადვოკატები. მათი თქმით, პარტნიორთა საბჭოს შეკრება და გადაწყვეტილების მიღება არაკანონიერად მოხდა. მათ, თავის მხრივ, პარტნიორთა კრებიდან გია გაჩეჩილაძის გარიცხვის საკითხიც დააყენეს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან კრება ჩატარდა პროცედურების დარღვევით, მას არ ესწრებოდა ერთ-ერთი პარტნიორი - ეკატერინე აკობია", - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.
„არ იქნა დასაბუთებული დირექტორის გათავისუფლების საფუძველი და მიზეზი. ჩვენს შეკითხვაზე, რატომ ხდებოდა გენერალური დირექტორის გათავისუფლების საკითხის წამოყენება, მათი მხრიდან მოვისმინეთ აბსურდული პასუხი - ჩვენ არ ვართ ვალდებული, დავასახელოთ მიზეზი, რადგან არ გვავალდებულებს კანონიო", - განაცხადა მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ.
მოამზადა ალა გრიგალაშვილმა