იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მაესტროსთან" დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუკი იუსტიციის სამინისტროში შევა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას ხარვეზი არ ექნება, ვალდებული იქნებიან, ის დაარეგისტრირონ.
მისი თქმით, საჯარო რეესტრი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც არეგისტრირებს კომპანიის მეწილეების მიერ დამოუკიდებლად, სახელმწიფოსგან განცალკევებით, აბსოლუტურად თავისუფლად მიღებულ და უკვე ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს.
„კანონი არ მოიაზრებს სხვა რაიმე ტიპის გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღებას. შესაბამისად, თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის, მედიასაშუალების მეწილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებული, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს „მაესტრო", „რუსთავი 2" თუ სხვა მედიასაშუალებები, რომ დარჩნენ ჩვენთან, დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მთავრობას სხვა პრიორიტეტი არ აქვს და ყველაფერი დანარჩენი რაც ამ პრიორიტეტსა და ზოგადად საჯარო რეესტრის შესახებ კანონს მიღმა არის, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელსაც კომპანიის მეწილეები და პარტნიორები სახელმწიფოსგან ჩაურევლად იღებენ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა