„Technoboom"-ისა და „Elit Electronics"-ის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე „Palitra TV"-ს გადაცემა „ბიზნეს პერსონაში" ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ბიზნესის კეთება ბევრად გამარტივდა და სახელმწიფო აღარ ერევა კერძო საქმიანობაში.
„ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება რომ არ მომხდარიყო, დღეს ბაზარი მონოპოლიზებული იქნებოდა. ყველა ის წარმატება, რომელსაც „Technoboom"-მა და „Elit Electronics"-მა მიაღწია, იმ გუნდის დამსახურება იყო, რომელთან ერთადაც შევქმენი ეს კომპანიები. ჩემი პატიმრობის პერიოდში ამ გუნდის წყალობით ჩემი ბიზნესი ვითარდებოდა.
ლარის კურსი ბიზნესის მთავარი პრობლემა არ არის, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ინვესტიციის შემოდინებას როგორი წონაც აქვს, გადინებაც უკუპროპორციული ძალაა. ბიზნესკლიმატი გაუმჯობესდა, ასეთი თავისუფალი შესაძლებლობები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა არსად არსებობს.
ჩვენ მეორადი მოთხოვნების პროდუქტით ვვაჭრობთ, ეკონომიკური კრიზისის გამო კი ხალხი ცდილობს, გადადოს მეორადი მოთხოვნილების პროდუქტის ყიდვა, რაც, რა თქმა უნდა, აისახა ბიზნესზეც.
დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა აღდგება და „Elit Electronics"-ს დავიბრუნებ. ახალი დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურაში ჩამოყალიბდა, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, მათ შორის „Elit Electronics"-ის საკითხთან დაკავშირებითაც", - განაცხადა ქოქოლაძემ.
წყარო: „Palitra TV"
მოამზადა სოფო ხუგოიანმა