„ნაციონალები" თავიანთ გაქცეული ბელადთან, რომელიც დღეს უკრაინაში ოდესის გუბერნატორია, რჩევების მისაღებად ოდესაში რომ ჩადიან ხოლმე,- ეგ არაა დანაშაული? - ეს არის ჩემი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის" უაზრო ბრალდებაზე", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პრეტენზიას, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებულ ხელისუფლებას რეკომენდაციებსა და მითითებებს აძლევს. მიროტაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დანაშაული ის იქნებოდა, რომ ქვეყენაში არსებული პრობლემები პარტიისთვის მიებარებინა და ამ ყველაფერზე საბოლოოდ ხელი აეღო.
„ნაციონალები" რომ კონსულტაციებს გადიან სააკაშვილთან, რომელმაც თანამდებობის გამო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში დანაშაული ის იქნებოდა, რომ პასუხისმგებლობა, რაც ერთად ავიღეთ, სრულად არ გაეზიარებინა და ეთქვა, მე წავედი და ამ გამოწვევებსა და პრობლემებს თქვენ მიხედეთო. ეს ნამდვილად იქნებოდა დანაშაული" , - განაცხადა ანი მიროტაძემ.