სახალხო დამცველმა უცა ნანუაშვილმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიმართ კასპის საკრებულოს თანამშრომლების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა სახალხო დამცველს მიაწოდა ახსნა-განმარტება და ვიდეომასალა, რომლის თანახმად, 2013 წლის 15 ნოემბერს კასპის საკრებულოს სხდომაზე Qartli.ge-ს ჟურნალისტები არ დაუშვეს. მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა რატი თათხაშვილმა და დაცვის პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა ჟურნალისტების შენობიდან გაძევება. საბა წიწიკაშვილის განმარტებით, მას არ მისცეს შენობაში გადაადგილების, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დაუშვებელია ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. ამავე კოდექსის 154-ე მუხლით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და რაიმე ფორმით მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.