დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომ „ახალი ტფილისის" პროექტი ექვსი წლის წინ მომზადდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პროექტი რამდენიმე თვის წინ კომპანია „სტუდია 21-ს" დაუკვეთეს, ჩართული იყო კომპანია „ჯეოგრაფიკი" და ეს პროექტი მათმა სპეციალისტებმა მოამზადეს.
„ახალი ტფილისი" დიდი პროექტია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო. ეს არის პირველი ეტაპი, რომელსაც მეორე და მესამე ეტაპიც მოჰყვება. 45 სახლიდან, რომელიც 2016 წელს განახლდება, 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. წლების განმავლობაში მიუხედაობის გამო, ბევრი მათგანი ნგრევის პირასაა. მოხდება მათი შენარჩუნება. გამაგრდება ავარიული სახლები, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფასადები... ხეები არ მოიჭრება, პირიქით, სადაც შესაბამისი სივრცე იქნება - დავრგავთ. არც ერთი შენობა არ დაინგრევა. რეკრეაციული ზონები მოეწყობა თავისუფალ ადგილებზე. დედაენის და 9 მარტის ბაღებს შორის გალერეული ტიპის გვირაბი გავა", - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტში ჩართული კომპანიები გამჭვირვალედ, ფასთა გამოკითხვის მეთოდით შეირჩა.
„ერთ-ერთი მოთხოვნა იყო - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე მუშაობის გამოცდილება. შევარჩიეთ ორი კომპანია, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და გამოცდილი პერსონალი ჰყავთ. დასაქმდება 800 ადამიანი. სამუშაოები ორ მონაკვეთად დავყავით. განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და კომპანიებს მოსვენების საშუალებას არ მივცემთ, რომ მოქალაქეებს განახლებული უბანი წლის ბოლომდე ჩავაბაროთ.
პროექტის ფარგლებში სატრანსპორტო საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ საპატრულო პოლიციასთან. ტერიტორია უკვე გადაიკეტა და ავტომანქანები მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობენ. თუ მოძრაობის გადართვა ნორმალურად მოხდა, ერთი მონაკვეთის დაკეტვის გადაწყვეტილებას მივიღებთ, სადაც საფეხმავლო ბილიკები და ღია კაფეები მოეწყობა, ხოლო თუ საცობები გაჩნდება, მოძრაობის სხვანაირად გადალაგების სქემაზე ვიფიქრებთ. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ დაგვჭირდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა