ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაესტრო 24"-ის ეთერში გაშვებას რამდენიმე თვეა გეგმავს.
„დაახლოებით, აგვისტოს დასაწყისში გავიარე ავტორიზაცია. მას შემდეგ ყოველდღე ვაპირებ არხის გაშვებას და გუშინ იყო ეს დღე, როცა არხი ეთერში გავიდა. ამ წუთში მისი დაფარვის ზონების გაფართოებაზე ვზრუნავ. როგორც კი ამ პროცესს დავასრულებ, ეტაპობრივად ყველაფერს მოგახსენებთ, ვინ იმუშავებს და როგორი ფორმატის იქნება", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, კიკაბიძის თქმით, ამ ეტაპზე ყველაფერს საკუთარი დანაზოგებით აკეთებს.
„არ სჭირდება ამას დიდი დაფინანსება. რაც უფრო აფართოებ ტელევიზიას და ზრდი, რა თქმა უნდა, დაფინანსების მოთხოვნაც იზრდება. როგორც კი მულტიპლექს ოპერატორში ჩავერთვები, იმ წუთში შეწყდება რადიომაუწყებლობა და ყველა იმ სტანდარტს დავაკმაყოფილებ, რაც კომუნიკაციის ეროვნული კომიისიის კანონით არის საჭირო", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა