„მთელი მსოფლიო ელოდება ღრმა ფინანსურ კრიზისს. ეს არ იქნება ის საბანკო კრიზისი, რომელიც იყო 2008 წელს", - განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს:
„მაგრამ, სასაქონლო ბირჟებზე ფასები დაეცემა და ბუნებრივია, რთულ საერთაშორისო ვითარებაში საქართველოს მოუწევს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს. გაგვიმართლა, რომ ნავთობის ქვეყანა არ ვართ და ჩვენი ბიუჯეტი ნავთობის ფასით არ არის დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რაც გაგვაჩნია. რეგიონში ფინანსურად ყველაზე მყარი ქვეყანა ვართ. ყველაზე მყარი ფინანსური გარემო გვაქვს ინვესტირებისთვის და ეს უნდა გამოვიყენოთ, უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები და გადავარჩინოთ სიტუაცია.
სიტუაცია ვითარდება ძალიან სწრაფად და დრამატულად. უნდა დავწეროთ სრული სცენარი. ამ წუთში თუ გვაწუხებს მხოლოდ ლარის დევალვაცია, უნდა ვიფიქროთ, თუ რა ხდება დემპინგურ ფასებთან მიმართებაში. უნდა განვსაზღვროთ, როგორ არის დაცული ჩვენი ბაზარი. საქართველო ღია ქვეყანაა და ხელოვნურ ბარიერს ვერ შევქმნით. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, თანაც დროულად. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება პასუხის გაცემა. იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, არასწორია. ის, რაც ახლა ხდება, პრელუდიაა და რაც მომავალში დაიწყება, იმაზე უნდა ვიფიქროთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ძალიან ბევრი ღონისძიებებია დასაგეგმი, რათა ბაზრის სირთულეებს მოვერიოთ. 2016 წელი მთლიანობაში ძალიან რთული იქნება", -ამბობს ჯგერენაია.