"დინამო არენაზე" კომენტირების ახალი სისტემა დაინერგება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ 2015 წლის შემაჯამებელ ანგარიშზე განაცხადა.
" შარშან თბილისმა უეფა-ს სუპერთასს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მოხდა "დინამო არენას" სრული რეაბილიტაცია. "დაგეგმილია კომენტირების ახალი სისტემის დანერგვა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო და მცირემხედველ გულშემატკივრებს მატჩის სრულად აღქმის შესაძლებლობა მიეცემათ. 2015 წელს გაიხსნა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. სპორტული კომპლექსი შშმ პირებისათვის მთლიანად ადაპტირებულია", - განაცხადა ირაკლი გვილავამ.
შეგახსენებთ, რომ "დინამო არენას'' სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯა. სტადიონზე სრულად შეიცვალა ტურნიკეტების, ტაბლოს, განათების, გახმოვანების სისტემები, პლასტმასის სკამები და ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
"დინამო არენაზე" გარემონტდა და კეთილმოეწყო მატჩზე უეფას წარმომადგენელთათვის განკუთვნილი 3 ოფისი, განახლდა მატჩის მონაწილეთა გასახდელები, დოპინგ-კონტროლისთვის განკუთვნილი ოთახები და 52 ე.წ. ''სკაი-ბოქსი'' (პრივატული ლოჟა). სტადიონზე დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, ასევე პანდუსი და გაკეთდა სკამები მათი თანმხლები პირებისთვის.
სტადიონის რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, სრულად გამოიცვალა პლასტმასის სკამები. "დინამო არენაზე" დამონტაჟდა იტალიური კომპანია OMSI-ის მიერ მოწოდებული პლასტმასის სკამები, მოწვეული (5000) და VIP-ლოჟის (500) სტუმრებისთვის ესპანური კომპანიის ''DAPLAST''-ის მიერ დამზადებული სკამები (სულ 53000) გაკეთდა.
წყარო: „ipress"