საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოსთან გაერთიანების საკითხი გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან „უაზრო სპეკულაციას“ წარმოადგენს.
„ამაზე მე გავაკეთე კომენტარი. პრეზიდენტმაც გააკეთა, სხვათაშორის, ანალოგიური კომენტარი და მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს კრიზისული სიტუაციების მართვას მანამდე, სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ერთვება ეროვნული უშიშროების საბჭო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის უბრალოდ გარკვეული პოლიტიკოსების მცდელობა, რომ აბსოლუტურად უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ საკითხზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის ინიციატივით „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვიდნენ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა