reportiori.ge - ლეო ბოკერია: სანამ ცოცხალი ვარ, ვიტყვი, რომ ბალტიის ქვეყნებიც, შუა აზიაც და ამიერკავკასიაც - ყველა ერთად ჩემი სამშობლოა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:51
პრეს-დაიჯესტი
ლეო ბოკერია: სანამ ცოცხალი ვარ, ვიტყვი, რომ ბალტიის ქვეყნებიც, შუა აზიაც და ამიერკავკასიაც - ყველა ერთად ჩემი სამშობლოა
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:43


ბატონი ლეო ბოკერია მსოფლიოში სახელგანთქმული კარდიოქირურგია: ხუთჯერ აქვს მინიჭებული „წელიწადის ადამიანის" წოდება, „ათწლეულის ადამიანის" და „ადამიანი ლეგენდის" ტიტულები. არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, არჩეულია აშშ ქირურგთა ამერიკული კოლეჯის საპატიო წევრად, რომელშიც მხოლოდ 100 საპატიო წევრია გაერთიანებული. მხოლოდ 100 მთელი მსოფლიოდან. ეს განსაკუთრებული პატივია, ჩაურთავს რეპლიკას ბატონი ლეო, როცა „საქართველო და მსოფლიოს"» რესპონდენტის ჰიპოსტასში მყოფს, მისი ტიტულების ჩამოთვლას შევუდგები.



წოდებათა ამ ნუსხას (პრემიებზე არაფერს ვამბობ) კიდევ ერთი შეემატა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი(!) აკადემიკოსის, რომლის დამადასტურებელი ატრიბუტიკა ბატონ ლეო ბოკერიას აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ კვესიტაძემ ამ ორშაბათს გადასცა ვიცეპრეზიდენტების როინ მეტრეველისა და თემურ ნანეიშვილის, აკადემიკოს-მდივნის - ფრიდონ თოდუას, საქართველოს თვალსაჩინო მედიკოსების - ლაურ მანაგაძის, რომან შაქარაშვილის, რეზო გაგუას და საზოგადო მოღვაწეების - ზურაბ აბაშიძისა და ბაკურ გულიას თანდასწრებით.


ეს საზეიმო აქტი განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩა, რადგან ლეო ბოკერიას მეცნიერული მიღწევების გამოწვლილივით აღნიშვნის გარდა შეკრებილთაგან ყველას თავისი სათქმელი აღმოაჩნდა, გასახსენებელი, მოსათხრობი სტუდენტური წლებიდან დაწყებული, ერთობლივი მოღვაწეობით გაგრძელებული და  ბოკერიას წყალობით ავადმყოფი მეგობრის გადარჩენის ამბით დამთავრებული.


სტუმარიც გაიხსნა და იქ გამართული საუბრის მოსმენა ფართო საზოგადოებრიობისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ ხალხს ერთად შეკრებილს და „ცენზურის გარეშე" ალაპარაკებულს, ვეჭვობ, სადმე და ოდესმე გადაეყაროთ.


სხვა დროისთვის გადავდოთ, ეგებ მოგვეცეს გამოქვეყნების საშუალება.


ან - არა.


თქვენ ნამდვილად ღმერთი ხართ, - არაერთხელ უთქვამთ ლეო ბოკერიასთვის პატარა პაციენტების მშობლებს, რომელთა შვილებიც ამ უებარ დასტაქარს სიკვდილისთვის ხელიდან გამოუტაცნია.


- კარგად შემომხედეთ! - ღიმილით უთქვამს ბატონ ლეოს მადლიერი ადამიანებისთვის, - ვგავარ მე ღმერთს?!


ეგ არავინ იცის, ბატონო ლეო, რადგან ღმერთი არავის უნახავს, ხოლო ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ნამდვილი სასწაულია. როცა თქვენი ხანგრძლივი სამედიცინო მოღვაწეობის პრაქტიკაში 15 ათასჯერ გაგიჩერებიათ დაავადებული გულები, გაგიკეთებიათ უნიკალური ოპერაციები და კვლავ აგიმუშავებიათ ჩასაქრობად განწირული მთავარი სასიცოცხლო ორგანო ადამიანის ორგანიზმის, სასწაულია, აბა, რა არის?!


ლეო ბოკერია ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორად, წლებია,  მუშაობს.


- ბატონო ლეო, - იწყება ჩვენი საუბარი, - ოთარ კვესიტაძესთან გუშინ რომ დავრეკე, შევეკითხე, ბაკულევი როდის ჩამოდის-მეთქი?

 

არ გაგიკვირდეთ, თქვენი გვარის ასოცირება ინსტიტუტთან დღეს იმდენად გამჯდარია საზოგადოებრივ ცნობიერებაში, რომ ბაკულევი, ბურაკოვსკი, ბოკერია ერთ ცნებად ყალიბდება, ერთმანეთში გადაედინება. ასეა გავრცელებული.


- (არ უკვირს. ეღიმება. როგორც ჩანს, მეთანხმება). თბილისელი კაცი ბურაკოვსკი ჩემი მასწავლებელი იყო.


- თქვენთვის ჩამორთმეული ერთ-ერთი ინტერვიუდან ამოვიკითხე, რომ, თუ თქვენს ინსტიტუტში 1996 წელს 1200 ოპერაციას აკეთებდით გულზე, 2009 წელს - ათი ათასი იყო. ნიშნავს ეს, რომ დაავადებული თაობა ავადმყოფ ბავშვებს შობს?


- არა, არ ნიშნავს. გულსისხლძარღვოვანი დაავადებანი მსოფლიოში პირველობს. ეს ცნობილია. ხოლო რაოდენობის ის ზრდა, რაც დაიმოწმეთ, გამოწვეულია უკეთესი გამოვლენითა და დაფინანსებით. რუსეთის ფედერაციაში აშენდა გულსისხლძარღვოვანი ქირურგიის ფედერალური ცენტრების საკმაოდ დიდი რაოდენობა. 1995 წლიდან მოცულობის ზრდა გეომეტრიული პროპორციით ხდება. მაგალითს გეტყვით, 1991 წელს კათეტერით ანგიოპლასტიკის 1000-ზე ნაკლებ ოპერაციას ვაკეთებდით, შარშან კი 80 ათასი გაკეთდა. არადა, 500 ათასის გაკეთებაა საჭირო. გაჩერებულ გულზე მთელ რუსეთში 1995 წელს 6000 ოპერაცია გაკეთდა, შარშან - 50 ათასზე მეტი. გვჭირდება 143 ათასი ერთ მილიონ მოსახლეზე. უახლოეს სამ წელიწადში ხელისუფლება აპირებს ერთნახევარჯერ გაზარდოს მაღალტექნოლოგიური დახმარების მოცულობა და ამით დაზღვევის მედიცინა მაღალტექნოლოგიური დახმარების მთავარი კომპონენტი გახდება.


- გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს" წინა ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ოთარ კვესიტაძის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ ჩვენმა სამეცნიერო საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს შემოქმედებითი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო ცენტრებთან, უწინარეს ყოვლისა კი, მოსკოვისა და პეტერბურგის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან.


- ყოველმხრივ მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ეს ორმხრივ სასარგებლო მოძრაობა იქნება. ჩემი ცხოვრებისეული პოზიციაც და ფილოსოფიური პოზიციაც ასეთია და ჩვენ ამას განვახორციელებთ კიდეც, ვაგრძელებთ პრაქტიკაში. ჩვენთან ორდინატურაში, ასპირანტურაში თითქმის სამასი კაცი სწავლობს.


- „ქართული კოლონია" ახსენეთ მეგობრებთან საუბარში...


- ამ სამასიდან ხუთი პროცენტი მაინც საქართველოდან ჩამოსული ახალგაზრდები არიან. იცავენ დისერტაციებს, ბრუნდებიან საქართველოში. თბილისშიც, ქუთაისშიც არიან ჩვენი მოსწავლეები და, მგონია, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან.


- თქვენ ეს-ესაა თქვით, რომ აკადემიკოსი ბურაკოვსკი, თბილისელი კაცი, თქვენი მასწავლებელი იყო. მან გამოგიყვანათ დიდ სამეცნიერო ასპარეზზე. ბატონი ფრიდონ თოდუა იხსენებდა ამასწინათ, რომ სწორედ თქვენ ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაეხმარეთ მას, თბილისიდან მოსკოვში ჩასულ ახალგაზრდა კაცს.


- დღეს აქ ლაურ მანაგაძემაც ილაპარაკა ჩვენს ასეთ ურთიერთობაზე. მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ, თუ ადამიანი ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგე რჩევით მაინც, რაც შეგიძლია და როგორც შეგიძლია ისე დაეხმარო უცხო გარემოში გზა რომ გაიკვალოს.


ლაურ მანაგაძესთან ერთად სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის ერთ დერეფაში მეზობლები ვიყავით. ვხედავდი, რომ ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და მას მართლაც სჭირდებოდა მორალური თანადგომა, რწმენის განმტკიცება, პერსპექტივის ჩვენება.


ამასწინათ სახელმწიფო სათათბიროში ერთ მნიშვნელოვან თათბირზე მომიწია გამოსვლა, სადაც ვთქვი, რომ მე, ახალგაზრდა კაცი, ასპირანტურაში სწავლისას 67 რუბლს ვიღებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ დავიცავდი დისერტაციას, ჩემი ხელფასი 220 რუბლი იქნება, სადოქტოროს დაცვის შემდეგ - 400 რუბლი. ჩემთვის ეს სტიმულიც იყო და ცხოვრებისეული მიზანიც. ამის თაობაზე ვესაუბრებოდი სტუდენტობის დროს ლაურსაც და ფრიდონსაც.


ეს ნორმალურია ყველა ადამიანისთვის, ასე მგონია.


ბეჯითი მოწაფის მიერ დაზეპირებულივით ჩამოვუთვალე ბატონ ლეოს მისი წოდებები, პრემიები, ტიტულები აკადემიების წევრობა და მაინც ბოლოში ვერ გავედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი იყო, არამედ უფრო იმიტომ, რომ ბატონმა როინ მეტრეველმა მანიშნა _ დაამთავრე, ძალიან დაძაბული პროგრამა აქვს და ვერ მოასწრებსო.


ლეო ბოკერია, როგორც ჭეშმარიტი ინტელიგენტი, არ მაგრძნობინებდა, რომ მის დროს ვფლანგავდი, პირიქით, ჩემს ჩამონათვალს კიდევ ერთი სიცილით დაუმატა:


- მე კიდევ, რომ იცოდეთ, სამხატვრო აკადემიის საპატო წევრიც ვარ.


- დღეს კი მეცნიერებათა ჩვენი აკადემიის წევრიც გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?


- ერთხელ, როცა ტიტულები უკვე მქონდა, მკითხეს, ყველაზე უფრო რომელი მეამაყება. ვუპასუხე, რომ ჩემთვის ყველაზე უფრო საამაყოა ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქეობა. ქალაქისა, რომელშიც გავიზარდე. ჯერ კიდევ ვლადიმერ ბურაკოვსკი მასწავლიდა, რომ მთავარია, შინ, სახლში ყველაფერი დალაგებული გქონდეს, და მეც ყოველთის ამ პრინციპის მიხედვით ვცდილობდი, მეცხოვრა. ერთხანობას ძალიან ბევრი დრო დავყავი საზღვარგარეთ, მიმაჩნდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრესტიჟისთვის. მაგრამ შემდეგ თანდათან შევკვეცე მივლინებების რაოდენობა, ძირითადად, ინსტიტუტში ვიმყოფები, რადგან ვიცი, რომ თუ იქ კარგადაა ყველაფერი, გარშემოც კარგად იქნება.


ამიტომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს ბევრს მავალებს. მაგრამ ყოველთვის ხუმრობით ვამბობ - რომელი უცხოელი წევრი მე ვარ?! (ეღიმება). მე აქაური ვარ.


- ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ დარჩით ამერიკაში, როცა მუშაობის ზღაპრულ პირობებს გთავაზობდნენ, თქვენ უპასუხეთ: „აქ (მოსკოვში) არის ჩემი სახლი. აქ არის ჩემი ოჯახი, აქ არიან ჩემი შვილები, შვილიშვილები, მეგობრები, აქაა ჩემი ბაკულევის ცენტრი. მე არ მეშინია ხმამაღალი სიტყვების - აქაა ჩემი სამშობლო".


-საქართველო, ბატონო ლეო?!


- საქართველო ჩემთვის სიწმინდეა.


მე ხშირად დავდივარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ამჟამად სუვერენულ სახელმწიფოებში. ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტთან საუბრის დროს ვუთხარი, რომ ეს ჩემი ქვეყანაა. მე დავიბადე იმ ქვეყანაში, რომელიც ერთიანი სახელმწიფო იყო და როცა ვამბობ, რომ მოსკოვი ჩემი სამშობლოს დედაქალაქია, ეს მართლაც ასეა. ახლა, სამწუხაროდ, ამბობენ, სხვა ქვეყანაში დავიბადეო, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, ვიტყვი, რომ ბალტიის ქვეყნებიც, შუა აზიისაც და ამიერკავკასიაც, ყველა ერთად ჩემი სამშობლოა.


საქართველო კი, ვიმეორებ, ჩემთვის სიწმინდეა, რადგან აქ ჩავისუნთქე პირველად ჰაერი, აქ ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები, აქ ვსწავლობდი სკოლაში, ქართული ენა ჩემი მშობლიური ენაა. აქ ვგრძნობ დიდ სიყვარულს და პატივისცემას. ჩემთვის საქართველო აბსოლუტურად წმინდა ადგილია. ეს არ ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის პრინციპებს და ადამიანის როლსა და დანიშნულებას ამ დედამიწაზე.


- ბოლო შეკითხვა: როგორ ინარჩუნებთ ფორმას? კრემლის დიეტის გარდა, რა საიდუმლოს ფლობთ?


- (გულიანად იცინის). კრემლის დიეტა, არა? სინამდვილეში ეს ამერიკელი ასტრონავტების კვების რაციონია.


- და მართლა დილის ექვს საათზე იწყება თქვენი სამუშაო დღე?


- არა, ასე არ არის. ახლავე გეტყვით. თუ მართლა ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, რომ კარგ ფორმაში ვარ, მადლობას მოგახსენებთ. როცა ოპერაციების გაკეთება დავიწყე ბაროკამერაში, რომელშიც წნევა წყალქვეშ, 25 მეტრის სიღრმეზე წნევის ეკვივალენტურია, მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მიმეხედა, არ გავციებულიყავი, რაღაც ამეკრძალა, რაღაც შემომეღო. ვიცავ რეჟიმს. თუმცა (ეღიმება) არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. ვცდილობ, ზედმეტი არც ვჭამო, არც დავლიო. ვვარჯიშობ, ვცურავ, მაქვს ველოსიპედი, ველორგომეტრი, «მორბენალი ბილიკი», მოწყობილობა თავქვე დასაკიდებლად. ეს ყველაფერი დღესაც ჩემი ცხოვრებისეული პრაქტიკის თანმდევია. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც რეჟიმის დაცვაა. ძალიან გვიან ვიძინებ, ვდგები 6 საათზე.


- გყოფნით ძილი?


- არა, რა თქმა უნდა. შაბათობით ვივსებ დანაკლისს, გამოვიძინებ ხოლმე. სამსახურში მივდივარ რვის ნახევარზე, რვა საათზე კი უკვე საოპერაციოში ვარ. ამ ნახევარ საათში 3-4 ადამიანის მიღებას ვასწრებ; ოპერაციების შემდეგ - საზოგადოებრივი საქმე, მიღებები, შეხვედრები; საღამოთი - ფოსტა... ასე გრძელდება 5 დღე კვირაში.


მომდევნო კვირაში ყველაფერი თავიდან იწყება.




წყარო: geworld.ge, ესაუბრა არმაზ სანებლიძე



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016