თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებას გამოეხმაურა. ხიდაშელის განცხადებით, მას არც ერთ მინისტერიალზე არ მოუთხოვია MAP.
„არ ვითხოვთ ჩვენ MAP-ს არც ერთ შეხვედრაზე იმის შემდეგ, რაც „რუსთავი 2"-ის პატრონები აღარ არიან ხელისუფლებაში. ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს, არ გვაქვს არც ამის მოთხოვნილება, არც ახირება და არც ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანი არის NATO-ში წევრობა. არც ერთხელ, არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP, მე ვითხოვ საქართველოს წევრობას NATO-ში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მე მინდა დავბრუნდეთ, როგორც ქვეყანა უფრო მეტი ინსტრუმენტით იმისთვის, რომ ის ფანჯარა, როდესაც გაიღება, ვიყოთ მზად მასში შესასვლელად, ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ბევრი ქვეყანა შევიდა. ეს ფანჯარა აუცილებლად გაიღება, ამაზე ყველა საუბრობს. როგორც აპატურაიმ თქვა, ამას სჭირდება შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება, ოღონდ ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის. MAP საქართველოსთვის წარსულია. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით", - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, შესაბამის დოკუმენტაციებში ჩაიხედონ და ნახონ, რას ნიშნავდა MAP იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც ის ჰქონდათ.
„მათ მისცეს წლიური სამოქმედო გეგმა, ჩვენ ეს უკვე გვაქვს. იქ ხსნიდნენ ერთობლივ ცენტრებს, ჩვენ შარშან გავხსენით ასეთი ცენტრი და წელს მაისში უკვე პირველი გამოშვება გვქნება. ეს ნიშნავდა ერთობლივ სწავლებებს. არც ერთ ასპირანტ ქვეყანაში არასოდეს არ ჩატარებულა ისეთი წვრთნები, რომელიც 2015 წლის ივლისში ჩატარდა საქართველოში და იქნება წელსაც. MAP ვისაც ჰქონდა იმ ქვეყნებისთვის ეს ნიშნავდა NATO-სა და იმ ქვეყნის კომისიებს - NATO-საქართველოს კომისია დიდი ხანია, მუშაობს. ამიტომ, თუ ჩვენ ვეკიდებით რაღაც სახელებს და ქიმერებს, კი ბატონო, დავრჩეთ მიშა სააკაშვილის ნარატივში, ვისაც გინდათ. ჩვენ წინ მივდივართ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს ვერ მიიღებს და რომ პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ის მიღება დასახელდება მიზნად.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა