reportiori.ge - „დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე...“ - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 03 ნოემბერი, 2024. 16:06
პრეს-დაიჯესტი
„დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე...“ - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს
ავტორი:
08 თებერვალი, 2016. 13:51

 

 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორასამდე მეცნიერის, ხელოვანისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი არქივია დაცული. როცა მათ ხელნაწერებს ეხები, ხვდები, რომ ეს დიდებული პიროვნებები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. და როცა მათ სასიყვარულო ბარათებს კითხულობ, გული სიყვარულით გევსება... თურმე როგორი გამორჩეული სიყვარულის ერთგულების გრძნობა ჰქონდათ ამ რჩეულ მამულიშვილებს...


ივანე ჯავახიშვილის და მისი მეუღლის, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი წერილები:


„ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!


ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!... როგორა ხარ, ჩემო ძირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: „მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო". მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...


მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გენაცვალოს ვანო! (შენ გეთაყვანოს შენს თვალწარმტაც, გამაგიჟებელ) ნეტავი ჩიტად მაქცია, რომ შენთან მოვფრინდე... შენც ხომ მაკოცებდი, შენც ხომ ჩამეხუტებოდი? შენი ჭირიმე, სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს. მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღეობდეს!... ყოჩაღად იყავ,  ჩემო კარგო, შენს თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ...


მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ, მაშინ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე -მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება, მე ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თვალის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოავდგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გავერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ სადაც უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ; მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო".


(1906. IX. 25. პეტერბურგიდან თბილსს)


„ჩემო ვანიკო, საყვარელო, გამაგიჟებელო ქმარიკო!


შაბათს ჩამოსულა მიქელაძე, და გუშინ მომიტანა ყველაფერი შენი გამოგზავნილი; არ ვიცი, როგორ გითხრა მადლობა, ყველაფერი მშვენიერია, შენ ისე კარგად იცი ხოლმე ამორჩევა და მოფიქრება, ოღონდ მაწუხებს, რომ როგორც ყოველთვის ამდენს ხარჯავ ჩვენზე და შენს თავს კი აკლებ. ბავშვები გახარებული არიან საჩუქრებით და ტკბილეულობით.


ჩვენ სამივენი მაგრად ვეხვევით ჩვენს საყვარელ მამიკოს და უდიდეს მადლობას გიგზავნით ამ წერილით, ოღონდ როცა შენ ისევ ჩვენთან იქნები, მაშინ მხურვალედ დაგკოცნით ისე, როგორც გვიყვარხარ სამთავეს.


ჩემო ვანიკო, დაუფასებელო ჩემო! შენმა წერილმა ხომ გამაგიჟა! სიცოცხლე ჩემო, შენ ვერ წარმოიდგენ ადვილად, რაც მაგრძნობინა ამ ტკბილმა, ალერსით სავსე, დამათრობელმა წერილმა. ოჰ, რა კარგია, როცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავისი გულის გრძნობა, არ შეიკავოს, ვანიკო ჩემო კარგო, ჩემო ლამაზო, მაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმა, მე კი საძაგელმა არა, არ ვიცი ასეთი სიყვარული, მე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი არ შემიძლიან, ენა ჩემი არ მემორჩილება, შენ კი ოჰ, ვანიკო, თვითოეული შენი სიტყვა ცეცხლივით არის, და შედარებანი შესანიშნავი!


ვანიკო, ლამაზო და ნაზო, ტკბილო ჩემო ქმარიკო, მე წუხელის მთელი ღამე (ორი საათის გარდა!) არა მძინებია, სულ შენზე ვოცნებობდი, სულ თვალწინ მყავდი, შენი წერილის სიტყვები მეყურებოდა, მხოლოდ შენ თითონ მაკლდი, გვერდით არა მყავდი და აღარ ვიცოდი რა მექნა, ისე ძნელია, როცა ასე ვართ მოშორებული ერთმანეთს!"

(1916 წ. 8. XI. )


 







წყარო: kvirispalitra.ge, თეა ცაგურიშვილი 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016