საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ინტერესდება, საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ისე ფიქრობს თუ არა ქართველ ხალხზე, როგორც ეს ჟურნალში „დრო მშვიდობისა“ დაწერილ სტატიაში აქვს გამოქვეყნებული.
მეჭიაურმა ჟურნალისტებს კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა მანდატი გოგი თოფაძემ პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო, განაცხადა, რომ „შესაძლოა, თოფაძემ მიქარა, თუმცა ამისათვის მან მანდატი არ უნდა დატოვოს“.
„კი, შეეშალა და მოიხადა გოგი თოფაძემ ბოდიში, თუმცა ხომ არ დავხვრეტთ კაცს. მე ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ კაცს სიტყვა შეეშალოს და მანდატი დატოვოს. ისიც რატომ არავინ იკითხა, კიდევ ასე ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი, როდესაც ნაშრომს წერ, დაფიქრებულად წერ და პოლიტიკოსს შესაძლოა რაღაც წამოცდეს. კარგი, ამან მიქარა და შეეშალა, მაგრამ რაც უნდა ეთქვა, ეს მართლაც ასეა და იმისთვის არავის უკითხავს, დღესაც ასე ფიქრობს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
გოგი თოფაძემ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. თოფაძის განცხადებით, პრეზიდენტის მისამართით „რამდენიმე კრიტიკა“ აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა“.