ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში წამლების გაიაფება უხარისხო მედიკამენტების შემოტანის ხარჯზე ხდება.
„არ ვაპირებ, ზურაბ ჭიაბერაშვილთან პაექრობაში შევიდე, რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ რატომღაც ძალიან უჭირს არგუმენტების დადება.
სტრატეგია იყო და არის ორი რამ: ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა და მეორე - ბაზარზე ისეთი პირობების შექმა, რომელიც ახალი მოთამაშეების შემოსვლას უზრუნველყოფს, ანუ კონკურენციის უზრუნველყოფას. ამ სტრატეგიამ თავისი შედეგები უკვე გამოიღო. ახალი კომპანია გამოჩნდა, მე იმედი მაქვს, რომ მას სხვა კომპანიებიც მოჰყვებიან", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, წამლის ბაზარზე ფასების ცვლილებებს პირადად არც სერგეენკო და არც ჯანდაცვის სამინისტრო არ აკონტროლებს.
„ჩვენ ვუყურებთ ზოგადად ბაზარზე ფასების ცვლილებებს. ახლა რასაც ვხედავთ, ამ ახალი კომპანიის შემოსვლამ ბაზარზე ფასების ცვლილებები უკვე გამოიწვია. კერძოდ, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების შემცირება, რაც თურმე შესაძლებელი ყოფილა. კონკურენციამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლება კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასთვის" 30 მლნ დოლარის კრედიტის გაცემისთვისაც გააკრიტიკა.