საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგოტ ვალსტრომს შეხვდა.
მარგოტ ვალსტრომმა, რომელიც საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის.
საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო და აღინიშნა, რომ საქართველოსათვის 2016 წლის არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტებით უნდა გაიმართოს.
შეხვედრისას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვედეთის პრემიერმინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.