პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „ვიმპელკომის" მიერ „კავკასუს ონლაინის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელის შესაძლო შესყიდვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრი ამას არ დაუშვებს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „რეპორტიორის"პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში სიმშვიდის საფუძველია.
„საქართველოსთვის წარმოადგენს საფრთხეს ხელისუფალთა ის ნაწილი, რომელიც არ თაკილობდა, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები გასხვისებულიყო. არც ის იყო ძნელად გამოსაცნობი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ახალი მფლობელი. საუბარი იქნება მაგისტრალურ გაზსადენზე თუ რკინიგზაზე, დაინტერესებული მხარე გახლავთ მხოლოდ რუსეთი. რაც შეეხება ზღვის ფსკერზე გადებულ ბოჭკოვან კაბელს, აქ შეიძლება სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ მისი ხელში ჩაგდების შანსების აქვს მხოლოდ რუსეთს. ეს იქნება საფრთხე, თუკი ჩვენ გვეყოლება ლაშა თორდიას მსგავსი პოლიტიკოსები, რომელიც 2010-2011 წლებში ამაყად ამბობდა, რომ ის იყო ინიციატორი იმ კანონისა, რომლის საფუძველზეც საქართველოში აღარ იქნებოდა სტრატეგიული ობიექტები. მაშინ ამერიკელებმა გადაგვარჩინეს და დაადუმეს „ნაციონალები". ახლა, თუ მსგავსი რამ გაჟღერდება ახალ ხელისუფლებაში, რასაკვირველია, მათაც „ნაციონალების" მსგავსი პოლიტიკური პერსპექტივა მოელით. ამიტომ, პირადად მე ვენდობი ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. ის ჩემთვის გახლავთ ბოლოს და ბოლოს გამოჩენილი სიმშვიდის საფუძველი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა უკონტროლოდ არ დარჩება და როგორც კი რუსული ძალა მოისურვებს საინფორმაციო ველის ხელში ჩაგდებას, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ცისკარიშვილმა.