გიორგი კანდელაკის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებენ და „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გამოეხმაურა და „რეპორტიორთან" საუბისას ამბობს,„ნაციონალებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი არჩევნებით მათ არ დააბრუნებს, ამიტომ შეეცდებიან, პროვოკაციები მოაწყონ".
„ნაციონალური მოძრაობის" ყველა წარმომადგენელი თავხედობისა და კადნიერების გამოხატვის უმაღლესი მაგალითია. მათი ბუნება, ცინიკური დამოკიდებულება და განცხადებები მაგონებს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის მდგომარეობას. ისინი პოლიტიკური გვამები არიან, რაც არ უნდა თქვან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ დაუჭერს. გადახედონ ხალხის განწყობას. მართალია, არსებობს მცირე ნაწილი და რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებიც აცოცხლებენ „ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ ხშირად მიწევს ხალხთან საუბარი, ვიცი მათი განწყობა და მოსაზრება „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. საქართველო დაღლილია და „ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტეტი ნულის ტოლია.
არსებობს მათი დაბრუნების გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის დიდი სურვილი ჩვენს მეგობარ ამერიკელებს ექნებათ. ნაციონალებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი არჩევნებით მათ არ დააბრუნებს ამიტომ შეეცდებიან, პროვოკაციები მოაწყონ. ისინი ამზადებენ ბანდებს, ჯგუფებს და ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს თავის დროზე. სისხლი თუ დაიღვარა, ვერცერთი ნაციონალი ცოცხალი ვერ გადარჩება. ასეთია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, ამაში დარწმუნებული ვარ. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რა მოიმოქმედა „ნაციონალურმა მოძრაობამ" წარსულში", - განაცხადა ჯაველიძემ.