ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები, თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები და ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ევროკომისარმა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერია.
მხარეებმა ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების ახალ სფეროებსა და ამ მიმართულებით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.