„ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი; საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზით.
„ბოლო წელიწად- ნახევრის განმავლობაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება - ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. ეკონომიკური მოდერნიზაციისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტისა, არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტიც და ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებას, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, მედიის თავისუფლებას და კანონის უზენაესობას.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დიალოგი გაგრძელდება, რათა დადგინდეს, ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი სფეროები, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.