საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები განიხილა.
„პროდუქტიული და მეგობრული" - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
მისი თქმით,„ ევროკავშირი ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს."
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში და საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ფინალურ გადაწყვეტილებასთან," - ეს განცხადება ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა გააკეთა.
მისი თქმით, დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა.
ევროკომისრის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რამაც პოზიტიური შედეგები მოიტანა.
„ევროკომისია ევროპარლამენტსა და წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო წინადადების გასაგზავნად ემზადება. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო წინადადება იქნება წარდგენილი. შესაძლოა, ეს მოხდეს ზაფხულში, შესაძლოა - უფრო ადრე", - განაცხადა ევროკომისარმა ავრამოპულოსმა.