საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმადიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა კანონპროექტზე „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე.
„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენთვის კერძო საკუთრება უმთავრესია. არავის უფიქრია, კერძო საკუთრებისთვის საფრთხე შეექმნა. ეს ყოვლად დაუშვებელია. ეკონომიკის სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც მტკიცედ იცავს კერძო საკუთრებას. აქვე მინდა განვმარტო, რომ თუკი მოსახლეობა აღნიშნულმა ცვლილებებმა შეაშფოთა, მაქსიმალურად შევეცდებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებისას, მასში ისეთი ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც კერძო სექტორის ყველანაირ ეჭვებს გააქარწყლებს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა სახელმწიფო მიწების რეგისტრაციას ყოველთვის ახორციელებდა.
„ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტროში შევქმენით კოლეგიალური ორგანო - გადაფარვის კომისია. ის იხილავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტულ ქონებაზე არსებობს სახელმწიფო რეგისტრაცია, მაგრამ არსებობს კერძო მესაკუთრეც. ჩვენ 1000-ზე მეტი გადაფარვის შემთხვევა განვიხილეთ. ასეთ დროს, სახელმწიფო თავის რეგისტრაციას აუქმებს და კერძო მესაკუთრე არეგისტრირებს თავის ქონებას. ამით ჩვენ ვცდილობთ, სამართლიანობა აღვადგინოთ და კერძო მესაკუთრეს საკუთრება დავუბრუნოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება აკვირდება იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობას ჩამოუყალიბდება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ. მან არ გამორიცხა ამ საკითხზე შიდა კონსულტაციების ჩატარება.
„ყოველივე კეთდება ჩვენი მოსახლეობისა და კერძო სექტორის სასარგებლოდ. ამდენად, თუ კანონპროექტში არის ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე ჩააფიქრა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ," -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.