თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყოფილი. კერძოდ, აქცენტი გაკეთდება უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე.
„რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მიზნით გაზრდილი მცდელობების საპასუხოდ, ბიუჯეტი ითვალისწინებს 4,3 მილიარდ დოლარს ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე NAთO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გავლენის შესამცირებად პოლიტიკური, ეკონომიკური, საჯარო დიპლომატიის და სამხედრო მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული ფინანსური დახმარება მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს იმ მთავრობების და ეკონომიკების მოქნილობა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული აგრესიის სამიზნე.
უცხოური მხარდაჭერა დაეხმარებათ მათ, გააუმჯობესონ დემოკრატია და მმართველობა, გაზარდონ თავდაცვისუნარიანობა, გააძლიერონ კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები, ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას, ვაჭრობის სფეროს დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებას. ეს მოიცავს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად რეგიონის, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობების გაძლიერებას", - ნათქვამია აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში.
გარდა ამისა, აშშ გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას საერთაშორისო მედიის, პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად.