შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე, სადაც საუბარია საქართველოს დასავლური ორიენტაციის საფრთხეებზე, კომენტარს აკეთებს:
„საქართველოს რომ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს, ეს ახალი არ არის. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უმთავრესი მამოძრავებელი. ეს დავადასტურეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით", - განაცხადა თალაკვაძემ.
ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა სენატში გამოსვლისას საქართველოს შესახებ ისაუბრა და წარმოადგინა ანგარიში მსოფლიო საფრთხეების შესახებ. ანგარიშში საუბარია საქართველოს დასავლური ორიენტაციის საფრთხეებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე უდავოდ ცვალებადი იქნება.
ეკონომიკური ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ, მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება.
დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს ან შეაჩეროს.
რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და NATO-სთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას", - აღნიშნულია დოკუმენტში.