„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე დავაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი მიენიჭა.
გადაბაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო დღის ბოლომდე გია გაჩეჩილაძეზე რეგისტრირებული 30%-იანი წილის მოქმედებას შეაჩერებს.
„როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, გუშინ შეტანილ იქნა სასამართლოში ჩვენი შუამდგომლობა, გადაუდებელი წესით შეჩერებულ იქნეს გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედება. მიგვაჩნია, რომ გუშინვე წარვადგინეთ ყველა საჭირო მტკიცებულება, თუმცა ირაკლი რუხაძის მიერ „იმედის" ეთერში საჯაროდ გაკეთებულმა კომენტარებმა დამატებით დაადასტურეს ჩვენი მოთხოვნის სისწორე. დღეს ჩვენ ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერიც წარვუდგინეთ სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს მიენიჭა ამ დავაში ძალიან დიდი როლი, რადგან თუკი ის შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას, აღადგენს სტატუს-ქვოს და მხარეებს მოგვეცემა საშუალება, მშვიდ ვითარებაში და სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიყვანოთ დავა", - ნათქვამია ბაია გადაბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.