ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველმა არხმა ხელშეკრულება გაუწყვიტა. ინფორმაციას ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მიშველაძის განმარტებით, რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება გაუწყვიტეს.
„მაშ ასე, წერილის შინაარსი: თქვენი ხელშეკრულება შეწყვეტილიაო! ტყუილებიც ბევრი წერია!", - წერს მიშველაძე.
„იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა „პირველი სტუდია", რომლის წამყვანის თანამდებობას თქვენ დღემდე იკავებდით, დახურულია, ხოლო თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თაობაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს, რომ თემატიკა, რომელსაც თქვენ შეეხებით პროექტის სახით წარმოდგენილ გადაცემაში, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ (ასევე უკვე წარმოების სტადიაში მყოფ) სხვადასხვა გადაცემებში და შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი დამატებით ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება. სახეზეა თქვენსა და სსიპ„საზოგადოებრივ მაუწყებელს" შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება", - ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანმა გუშინ გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა, რომ მისი გადაცემის „პირველი სტუდიის" აღდგენა პირველი არხის ეთერში რამდენიმე თვეა აღარ ხერხდება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეკა მიშველაძის გადაცემა „პირველი სტუდია" რამდენიმე თვის წინ დაიხურა. ეკა მიშველაძის თქმით, ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან გაათავისუფლა.