„არ შემეძლო, არ გამოვხმაურებოდი საზოგადოებაში გაჩენილ წუხილს და აღშფოთებას, რაც უკავშირდება ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინების ლეგალიზაციის მოთხოვნას და რასაც მხარს უჭერენ მარგინალური პერსონები", - ამ განცხადებას კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აკეთებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„პოლიტიკური ნებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის გრძნობის შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია, კანონმდებლობის დონეზე, სრულად დაარეგულიროს ოჯახთან და ქორწინებასთან დაკავშირებული ნორმა და ამით აღმოფხვრას ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში არსებობს.
მოგეხსენებათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით, ისედაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ნორმა ოჯახისა და ქორწინების შესახებ, სადაც წერია - „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი".
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 36-ე მუხლში არსებულ ზოგად და ბუნდოვან ჩანაწერს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას" უნდა დაემატოს ოჯახისა და მეუღლეთა შესახებ მკაფიო განმარტება, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა - ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას", - ნათქვამია ლილუაშვილის განცხადებაში, რომელიც მან „რეპორტიორს" მიაწოდა.