სახელმწიფოში ჯანდაცვის სისტემა გამართულად მოქმედებს! ღორის გრიპის ვირუსით დაავადებული, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გადარჩნენ!" - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:
„იმ სიტუაციაში, როცა მასმედიით ე.წ. ღორის გრიპთან (H1N1) დაკავშირებით ვრცელდება მხოლოდ ის ინფორმაციები, ვინ დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობა რომ ერთ ათეულს გადასცდა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანს, რომელსაც ეს დაავადება აქვს, არაა აუცილებლად სასიკვდილოდ განწირული. მთავარია, დროულად მიმართონ ექიმს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ამ დღეებში ვანის რაიონიდან 2 ადამიანი გადაგვირჩა ჯანდაცვის სისტემის ოპერატიული ჩართულობის შედეგად!
კერძოდ, ჩვენ მოვახერხეთ, რომ დროულად გადმოვიყვანეთ ქ.თბილისში (კატასტროფის ცენტრის დახმარებით) „ნიუსჰოსპიტალსში" 34 წლის ახალგაზრდა, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში და ერთი კვირა მიერთებული გახლდათ სუნთქვის აპარატზე. ეს ახალგაზრდა გუშინ უკვე გაწერილ იქნა საავადმყოფოდან. ასევე, ქუთაისის ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული 20 წლის, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ფეხმძიმე გოგონა, რომლის 8 თვის ნაყოფის გადასარჩენად ჩატარდა საკეისრო კვეთა.
დღეის მდგომარეობით ბავშვისა და დედის (რომელიც უკვე მოიხსნა სუნთქვის აპარატიდან და რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაშია გადაყვანილი) სასიცოცხლოდ მყარი დადებითი დინამიკაა. ეს ფაქტები კიდევ ერთხილ მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოშიჯანდაცვის სისტემა გამართულად მოქმედებს..." - აცხადებს ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბრისას.