პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჯეიმს კლეპერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ჯეიმს კლაპერი, თავის მოხსენებაში სწორ და დამაფიქრებელ აქცენტებს სვავს საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი რისკების თაობაზე, რომლებიც ძირითადად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს ეხება. მივყვეთ მის აქცენტებს:
1. „საქართველო რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს".
2. „პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება". გასაგებია, მოდის არჩევნები, კონკურენცია იზრდება, პრორუსული ძალებიც ეცდებიან გააქტიურებას და საერთო ჯამში ამან შეიძლება წარმოქმნას რისკები;
3. „ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის სავარაუდოდ მთავარი პოლიტიკური სისუსტე იქნება". ფაქტია, რომ რეგიონში შექმნილი რთული ეკნომიკური ვითარება, განსაკუთრებით სავალუტო კრიზისის ფონზე, უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე, მიუხედავად რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა. ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ჩვენი მთავრობისთვის 2016 წელს მთავარი გამოწვევა იქნება, რაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს ყველა მიმართულებით.
4. „საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა შეანელოს ან შეწყვიტო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობა". მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში (ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება; ვიზალიბერალიზაცია, ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების მაქსიმალურად შესრულება), ჩვენში იმედგაცრუება გამოიხატება იმაში, რომ ეს პროცესი ჩვენთვის ნელია და რუსული პროპაგანდის ფონზე გვჭირდება ტემპის დაჩქარება, ამ ტემპის დაჩქარება კი როგორც საქმიდან ჩანს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და აშშ-ისა და სხვა პარტიონორების როლი ძალზედ მნიშვნელოვანია. რისკი, რომელიც დაზვრევრის ხელმძღვანელის აზრით, შეიძლება იყოს ის, რომ საქართველომ შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობა, არის მის მიერ გამოთქმული ვარაუდი და ალბათ გაფრთხილებაც შემდგომი ადეკვატური მოქმედებების განსახორციელებლად.
5. „რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებაზე". როგორც მესმის, პარტნიორი წუხს ამ რისკების გამო და თვლის, რომ საჭიროა საქართველოს დავეხმაროთ ზეწოლის რისკების შემცირებაში და ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებაში. ამაზე პასუხი არის კონკრეტულად ის, რომ აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის სხვადასხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილი იქნება საერთო ჯამში 3,4 მილიარდი აშშ დოლარი, მათ შორის საქართველოსთვის.
და ბოლოს, მოხსენება („მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების გამოწვევების ყოველწლიური ანგარიში"), რომელიც კონგრესს წარუდგინა ჯეიმს კლაპერმა, უმეტეს წილად ფოკუსირებულია სავარაუდო რისკებზე, მათ შორის რუსეთის ჰეგემონიის საფრთხეებზე და ამერიკის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე. საქართველოსთან მიმართებაში არსებული პრობლემების წარმოჩენა უმეტესწილად ნიშნავს იმის სურვილს, რომ მის პარტნიორს - საქართველოს, აშშ-სგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით", - ნათქვამია განცხადებაში.