საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრებისას, სხვა საკითხების გარდა, საუბარი იყო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. კვირიკაშვილის თქმით, იგი იძლევა გარანტიას, რომ საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს.
„გვქონდა საუბარი წინასაარჩევნო პროცესის მაღალი სტანდარტებით ჩატარების თაობაზე და ამ მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ ნამდვილად გავეცით გარანტიები, რომ საქართველო უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენთვის ეს არის სისხლ-ხორცეულად მნიშვნელოვანი, რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც დამახასიათებელია დემოკრატიულ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის, იყოს შესრულებული ჩვენი მხრიდან. ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან მაღალი სტანდარტით და მაღალი მოლოდინების თამასით ელოდებიან ჩვენგან ყველა ამ სტანდარტის შესრულებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, მთელ პოლიტიკურ სივრცეში, საქართველოში გავავრცელოთ ეს განწყობა, რათა ყველა მოთამაშე, რომელიც იქნება წინასაარჩევნო პერიოდში მინდორზე, ასევე ამ მაღალ სტანდარტებს დაექვემდებაროს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.