აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე ქართველი ჯარისკაცების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკოსის რენი სილვას სტატიაში ნათქვამია, რომ რამდეჯერაც შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სახელმწიფოებს, წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველომ თხოვნას უპასუხა. ავღანეთი იქნება ეს თუ ერაყი, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა.
რენი სილვა წერს, რომ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, ხოლო ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ წინასწარი შეთანხმებების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მათი ჩართვა შეიძლება ნებისმიერ მისიაში, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში.
სილვას თქმით, ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის დათვალიერებისას თავად დარწმუნდა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ამერიკული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც აშშ ეხმარება საქართველოს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაში.
მისივე თქმით, აშშ-ის დახმარებით ვითარდება საქართველოს სამედიცინო სისტემაც, ხოლო საქართველოს მთავრობა აპირებს ამ დარგის ეფექტურობის გაძლიერებას.
რენი სილვა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებასაც აძლიერებს.