„მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აშშ-ის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურებასთან დაკავშირებით. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნოდ შესაძლოა, რუსული პროპაგანდა შედარებით გააქტიურდეს, მაგრამ, მისი თქმით, ამაში საგანგაშო არაფერია.
„ბუნებრივია, ჩვენი ისეთი გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, რომ ყველა ცდილობს, ჩვენთან გააქტიურდეს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ წინასაარჩევნოდ პრორუსული პროპაგანდა ცოტა ოდნავ მაინც გააქტიურდება. მაგრამ, დღესდღეობით არ მგონია, რომ საგანგაშო ვითარება იყოს ამ კუთხით. ჩვენ მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. თუ ჩვენი ოპონენტები ტეხენ ამაზე ამბავს, ეს ცრუ განგაშია. ჩვენ მყარად ვდგავართ პროდასავლურ კურსზე და ვერავითარი, რუსული, ირანული, თურქული თუ სხვა ქვეყნის აგიტაცია ამას ვერ შეცვლის", - განაცხადა ნიშნიანიძემ.