ტელეკომპანია „მაესტროს" წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს. განცხადების ტექსტს გთავაზობთ:
„გუშინდელი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება მიმართულია ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს. ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ტელეკომპანია „მაესტროს" და „რუსთავი 2"-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცდელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - საჯარო რეესტრი. ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.
მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე, ყველაზე ცოტა, ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი „მეგობრის" - პრემიერ-მინისტრის გარეშე.
რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და „გადააგდოს"კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია, გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება. კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იმავე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება „თავისუფალი სიტყვის ზეიმად" და „პოლიტიკურ დაკვეთასთან" ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით: „მივრბივარ ამერიკის ელჩთან" და „ყველაფერი ბიძინას ბრალია".
როდესაც 55 % წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა „მაესტროს", არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა.
ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე. ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს, ქვეყნის მართვა არ ნიშნავს ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან. ეს ნიკა გვარამიას და ეთერ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო ჰგავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია! ეს ნორმალურია???
საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელეშანტაჟების ეპოქა! ამიტომაც განვაგრძობ ბრძოლას „მაესტროს" გადასარჩენად",-ნათქვამია გია გაჩეჩილაძის განცხადებაში.