სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე მეუღლესთან ერთად მიიღო. უწმინდესი ევროსაბჭოს ელჩს მიესალმა და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.
უწმინდესის განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების აქტიური წევრი.
ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უწმინდესი არის მართლმადიდებელი ქვეყნის პატრიარქი და სულიერი ლიდერი, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კრისტიან ურსემ პატრიარქთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ იგი რუმინელი დიპლომატია და ძალიან კარგად ესმის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და პატრიარქის მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქვეყნისთვის.
საუბრისას მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროსაბჭო პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქი ამას იზიარებს", - აღნიშნა კრისტიან ურსემ.
უწმინდესმა სიხარული გამოხატა, რომ ელჩი რუმინეთიდანაა, რადგან რუმინეთსა და საქართველოს მჭიდრო მართლმადიდებლური ურთიერთობები აკავშირებს.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ რუმინეთში წელს ანთიმოზ ივერიელის ხსენების 300 წელი სრულდება.
„ჩვენ ჟენევაში გვქონდა შეხვედრა მის უწმინდესობასთან, რუმინეთის პატრიარქთან, მან მიმიწვია ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და ჩვენ ვემზადებით რუმინეთში ვიზიტისათვის", - განაცხადა ილია მეორემ.