„ჩვენი ფოკუსი და მთავარი აქცენტი იყო იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ინსტრუმენტები, საშუალებები და პრაქტიკული ღონისძიებები, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ჩვენი ქვეყანა დღეს და ხვალ" - ასე შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში გამართული NATO -საქართველოს კომისიის სხდომა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, კომისიის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასეს და NATO -ს წევრებმა ერთსულოვნად გამოხატეს სურვილი, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლონ, რაც საქართველოში NATO -ს მეტი კონსულტანტისა და ინსტრუქტორის ჩამოსვლას ნიშნავს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ცალსახად გამოხატა უკიდურესად პოზიტიური განწყობა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები ნატოს წევრი ქვეყნებისგან, უფრო მეტი ქვეყნისგან, ვიდრე აქამდე გვქონდა. პაკეტის მხარდამჭერი დღემდე 28-ის ნაცვლად 20 ქვეყანა იყო და ჩვენ დღეს, NATO -საქართველოს კომისიის სხდომაზე ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით. თუ რომელი ქვეყანა რა მასშტაბითა და ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმავე JTEC-ის, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლის, დაზვერვის, ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო და ავიაციის მიმართულებებში. ამ კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდეთ უფრო მეტ ნატოს კონსულტანტს და ინსტრუქტორს საქართველოში. ამის პირობა მივიღეთ, რაც ამგვარი შეხვედრების ერთ-ერთი ამოცანაა," - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
NATO -საქართველოს კომისიის სხდომაზე ქართულმა მხარემ NATO -ს-საქართველოს არსებითი პაკეტის მხარდასაჭერად სპეციალური ნდობის ფონდის შექმნის საკითხიც დასვა. „იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყოველ შემთხვევაში ინიციატივა ყველა მხარემ პოზიტიურად აღიქვა," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თინათინ ხიდაშელის განმარტებით, NATO -საქართველო კომისიის ფორმატში რუსეთის თემაზე არ უსაუბრიათ, თუმცა სირიაში რუსეთის მოქმედებები და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხი ნატოს მინისტერიალზე და თავდაცვის მინისტრების ვახშმის დროს განხილვის მთავარი თემა იყო.