ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრობს და „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც „გაზპრომმა" საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო.
„პირველი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ და არც შემდეგ მოვრიდებივართ ამ საკითზე საუბარს. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როდესაც „გაზპრომმა" საუბარი ფულად ანაზღაურებაზე დაიწყო. მოგეხსენებათ, „გაზპრომთან" ხელშეკრულებას ყოველწლიურად ვაფორმებთ. მათი მხრიდან ისიც გაჟღერდა, რომ სომხეთისთვის ირანული გაზის მიწოდების გაზრდა სურთ, მაგრამ ეს საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. რა თქმა უნდა, ეს „გაზპრომსაც" გაუზრდის ხარჯებს და მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადებაც მოუწევს, რომ სომხეთის მოთხოვნა ირანის საშუალებით სრულად დააკმაყოფილოს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რაზე შევთანხმდებით... საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, რომ ნედლეულის ნაცვლად გარკვეულ საფასურს იღებენ. როდესაც „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთი „გაზპრომს" პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს, ჩვენს შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ, 10 %-ს არ მოგვაწვდიან?" - განაცხადა კალაძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „კვირის პალიტრა"