ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, ინფორმაცია აქვს, რომ „მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე კრედიტორთა კრებაზე გეგმავს, განაცხადოს, რომ მას 5 მილიონი დახარჯული აქვს და სწორედ ამიტომ ის არის „მაესტროს" კრედიტორი.
გადაბაძეს ეჭვი აქვს, რომ გაჩეჩილაძეები დროის რაღაც მონაკვეთში ცდილობენ პროცესების დასრულებას, თუმცა რატომ, ეს მისთვის გაუგებარია.
გადაბაძის თქმით, „მაესტროს" კრედიტორთა კრებაზე უნდა დადგინდეს, თუ ვინ არის კრედიტორი, ვინ არის უპირატესი კრედიტორი და ვინ არის უზრუნველყოფილი კრედიტორი. მისი თქმით, მაკა ასათიანი უპირატესი და უზრუნველყოფილი კრედიტორია.
„ჩემი შეფასებით, გია გაჩეჩილაძე კრედიტორი არ არის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის აპირებს, თქვას - 5 მილიონი აქვს დახარჯული „მაესტროში" და ის არის კრედიტორი. მას არა აქვს არანაირი დოკუმენტაცია და უბრალოდ მოჰყავს მოწმე, რაც ასევე ჩემი აზრით, უსუსური არგუმენტია. ყველას შეუძლია თქვას, რომ ტელეკომპანიაში ფული აქვს დახარჯული და უნდა იყოს კრედიტორი. თუკი მაკა ასათიანის მიერ დახარჯული თანხა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელსაც აქვს საბანკო ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ გაჩეჩილაძის მოწმე ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. თუ სასამართლო ამას მიიღებს, მოწმეს მიიღებს ამის არგუმენტად, სწორედ აქ გამოვლინდება ხელისუფლებისა და სასამართლოს არაობიექტურობა, რადგან არ შეიძლება მხოლოდ მოწმის საფუძველზე აღიარონ პირი კრედიტორად", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
გადაბაძემ ასევე გაჩეჩილაძეების ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებებსაც უპასუხა და კორძახიას ურჩია, არ ინერვიულოს, ვინაიდან, გადაბაძის თქმით, უმჯობესია კორძახიამ კვალიფიკაცია აიმაღლოს.
„არც მე და არც ჩვენს იურიდიულ სამსახურს კორძახიას უცნაურ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.