მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს პარლამენტში შევიდა ინიციატივით, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო შესწორება და ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.
„საკონსტიტუციო შესწორების არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეების უფლებრივ თანასწორობას. საკონსტიტუციო შესწორების დარეგისტრირებას სჭირდება პარლამენტის წევრთა უმრავლესობის ხელმოწერა, სულ 76 და შემდგომში არის პროცედურები, რომლის გავლის შემდეგაც, საქართველოს პარლამენტის 3/4-მა უნდა მიიღოს ეს შესწორება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ხელს მოაწერენ ჩვენს ინიციატივას და შემდგომ საკომიტეტო მოსმენების თუ პლენარული სესიების მიმდინარეობისას დააფიქსირებენ ეროვნულ, პატრიოტულ, ზნეობრივ პოზიციას“ , – განაცხადა ბრეგაძემ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ესაუბრა.
ნიკა რურუა: მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, თუმცა, ამას რად უნდა კონსტიტუციაში ჩაწერა, ეს ისედაც ასეა... ეს ვისი ინიციატივაა?
– თავდაპირველად ეს ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა.
– ახლა საიდან გაგახსენდათ? რატომ არის ეს თემა დღეს აქტუალური? წამოაყენა ვინმემ ეს თემა? ღარიბაშვილმა ისევ?
– ეს ინიციატივა ახლა სანდრო ბრეგაძეს ეკუთვნის.
– მაშინ არ ვეთანხმები, სანდრო ბრეგაძის წამოყენებულ ინიციატივას არ ვეთანხმები. იდეაში არის ბევრი ნორმა, რომელიც სოციალურად გარკვეულია და კონსტიტუციაში ამ ყველაფრის ჩაწერა არ არის საჭირო. ამ შეთხვევაში ეგ რომ ეწეროს, არ გავაპროტესტებდი დიდად, მაგრამ ახლა ჩაწერა ზედმეტი მგონია. წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ, არ ვთვლი ამას აუცილებლობად.