პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, რომელიც თინა ხიდაშელთან დაკავშირებით დეპუტატ გოგი თოფაძის პოზიციას გამოეხმაურა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებებზე დამოკიდებული არ არის, ამას გაცილებით უფრო სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია.
კითხვაზე, თოფაძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რა ასახვა შეიძლება პოვოს კოალიციის ერთიანობაზე, უსუფაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა:
„კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებებზე დამოკიდებული არ არის. ამას გაცილებით უფრო სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, რომელზეც თქვენ მიმითითებთ, ამის თაობაზე ბატონი თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს. მე ახლა უფრო იმას ველი, რომ ის მედიასაშუალება, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, რას გვეუბნება და რითი გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა. ვიდრე ეს არ გაირკვევა, იქამდე სხვა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ რასთან გვაქვს საქმე, მე ეს ჯერ არ ვიცი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.