reportiori.ge - ერთფეროვნებას დავარქვი მტერი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 08 სექტემბერი, 2024. 03:58
პრეს-დაიჯესტი
ერთფეროვნებას დავარქვი მტერი...
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 22:05


 

„ერთფეროვნებას დავარქვი მტერი"

 

ჯულიანო ლადოლფი

 

„ჩემი კანონი - სიტყვის კონანი შევკონე, როგორც საუკუნენი"

 

დათო მაღრაძე



უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, ქართველი პოეტის, დათო მაღრაძის პოეტური კრებული წარმოგიდგინოთ. ამთავითვე ვიტყვი, რომ ვისაუბრებ, არა როგორც გამომცემელი ამ წიგნისა, ანდა ავტორის აწ უკვე მეგობარი, არამედ, როგორც პოეზიის მკვლევარი - ადამიანი, რომელმაც ორმოცდაათი წელი შეალია პოეზიის შესწავლას, ოცი წელია ხელმძღვანელობს ლიტერატურულ ჟურნალ „ატელიერ"-ს და ავტორია ხუთტომეულისა, სახელწოდებით „მეოცე საუკუნის იტალიური პოეზია". და, როგორც იტალიური და უცხოური პოეზიის დაუღალავი მკითხველი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ დიდი ხანია, არ წამიკითხავს ისეთი ღრმა, ისეთი ყოვლისმომცველი, ისეთი მძაფრი შთაბეჭდილების აღმძვრელი პოეზია, როგორიც ამ კრებულშია წარმოდგენილი. და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემივე გამოცემული წიგნი მოგაწონოთ, არამედ იმიტომ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ ჩემი ნათქვამის სიმართლეში, რაც იტალიურმა კრიტიკამ კარგა ხანია დაადასტურა. ამიტომაც დავწერე ადრე და ახლაც გავიმეორებ: „ყოველგვარი მორიდების გარეშე შემიძლია წარვადგინო დათო მაღრაძე როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტი, რომელსაც, ჰაიდეგერის სიტყვებს თუ გავიმეორებთ ხელთ უპყრია ფარანი, რათა გაუნათოს გზა-სავალი არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას".


დათო მაღრაძის ლექსების პირველივე სტრიქონებიდან მკითხველი უმალვე შეიგრძნობს ნამდვილი პოეზიის სუნთქვას, იმგვარ შთაგონებას პოეტისა, რომელსაც მთელი ეპოქის „სულის ასახვა" განსაკუთრებულად ხელეწიფება. და ეს სწორედ მაშინ, როცა მეოცე საუკუნის გაუთავებელმა ექსპერიმენტებმა ძალა გამოაცალა პოეზიას, სიტყვა სინამდვილისგან განძარცვა და უარყო პოეზიის ჭეშმარიტი მოწოდება, რომლის არსიც ადამიანთან ადამიანზე საუბარია.


დათო მაღრაძის შემოქმედებაზე საუბარს მთელი ერთი წიგნი დასჭირდებოდა, მაგრამ ამჯერად, მსურს ის თავდაპირველი ემოცია გაგიზიაროთ, მისი ლექსების აღმოჩენამ რომ გამოიწვია ჩემში და მადლიერების ისეთი გრძნობა, ისეთი ამაღლებული განცდა აღმიძრა, რომ გადავწყვიტე, თავად დამეწერა ამ წიგნის - „ექოსა" - და ადრე გამოცემული პოემის - „ჯაკომო პონტის" - წინასიტყვაობები; დიახ, ამდენად დიდი იყო მის შემოქმედებით გამოწვეული აღტაცება. თუმცა მაინც შემოვიფარგლები რამდენიმე მინიშნებით და მკითხველს შევთავაზებ თავად ჩაუღრმავდეს ამ ავტორის ლექსებს.


რა არის დათო მაღრაძის „გამოცხადების" დედააზრი?


უწინარეს ყოვლისა, მზაობა ეპოქალური მოვლენების სწორად შეფასებისა სწორედ იმ მომენტში, როცა გლობალიზაციის ფენომენით გატანჯულ ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობის ჰორიზონტი ფართოვდება; უნარი იმისა, რომ გასდოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, უწინამძღვროს განსხვავებული კულტურის მქონე ხალხებს, სინათლე მოჰფინოს იტალიურ პოეზიას, იტალიელ ერს, რომლის მიმართაც განსაკუთრებული სიყვარულითაა გამსჭვალული, კლასიკური და ქრისტიანული კულტურის მემკვიდრედ და აღორძინების აკვნად რომ მიიჩნევა და რომელმაც ადამიანს ევროპული და შემდეგ მსოფლიო Weltanschauung-ის ცენტრში მიუჩინა ადგილი, ფართოდ გაუხსნა რა კარი გეოგრაფიულ, სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ხელოვნების აღმოჩენებს:


„შენ, იტალია, ხელთა გაქვს საშვი,

მშვენიერების უკვდავ ფორმულით...

მორბის ქუჩაში ფეხშველი ბავშვი

და თითზე ძაფით მზე აქვს მობმული".


როგორ კითხულობს დათო მაღრაძე თანამედროვეობას?


როგორც დანტე: იგი ეძიებს ანაგოგიურ საზრისს (ანაგოგიური - ბერძნ. სულის აღმყვანებელი გამოუთქმელ სიმაღლეებამდე), ანუ ისტორიულ და მეტაისტორიულ პერსპექტივაში განხილული მოვლენების საბოლოო განმარტებას, როგორც წარსულისაგან შობილი აწმყოს შედეგს, იმ აწმყოსი, რომელსაც ძალუძს დასახოს მომავალი იმ განზომილებაში, რომელიც ჩვეულებრივ ყოფითობას გასცდება და უზენაეს სიმაღლეებში დაივანებს.


ჰუმანური და მოქალაქეობრივი შეგნებით ასე ძალუმად განმსჭვალული პოეზია თავისთავად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოეტი საკუთარ თავში გრძნობს „მისიას" - წარუძღვეს ხალხს, იყოს მისი სინდისი, შეახსენოს მას დიდი იდეალები. და ამ მისიას იგი მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება, როგორც პირად და ჭეშმარიტად მორალურ მოვალეობას. თუმცა მისი ცხოვრების ეს კრედო და წესი მხოლოდ სახელს და დიდებას როდი განუმზადებს, მარტოობისთვის, გარიყულობისთვის წირავს იმ ინდივიდების მიერ, ვინც ამ „ბნელეთის საკანის საუკუნეში" ბნელ ინტრიგებს ხლართავს, ვინც მისი ლექსის გმირი პილატესავით ხელს იბანს და ავიწყდება ქართველი ხალხის მიერ თავისუფლებისათვის ბრძოლით მოპოვებული ფასეულობანი. ყველაფერ ამის მიუხედავად, პოეტი სასოწარმკვეთ მარტოობას არ მიეცემა, არამედ თავისი წინაპრების მსგავსად მხედრული ღირსებით იბრძვის, არ უშინდება არც განხიბვლას, არც მარცხს და ღრმად სწამს, რომ საკუთარი სინდისის წინაშე აგებს პასუხს.


რა გზას გვისახავს დათო მაღრაძის პოეზია?


იმყოფება რა „ევრაზიის გზასაყართან" - „ძველი ათენის სიბრძნესა" და „ისპაჰანის შუქს" შორის, პოეტს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი კანონიერი მემკვიდრეა, ერთი მხრივ, დასავლეთისა  („ათენი - რაციო, რომი - სამართალი!" და „იერუსალიმი - რწმენა!") და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთისა - ბიზანტიურისა და ისლამისა: „ერთი წყლის ორი სათავე", ორი სამყაროს შემაკავშირებელი რგოლი, რისი უგულებელყოფაც დღეს აღარ შეიძლება. და რაკი ქრისტიანული ევროპა დღეს ერთმანეთის გამომრიცხავ ქმედებებს ჩადის:


„რაც შეეხება ჯერიან ევროპას,

ხან თითებშუა წყალივით გარბის,

„დელა გრაციას" უძღვნის სერობას,

ხან და ვინჩის კოდს დაეძებს სარფით".


ასეთ დროს პოეტს ეკისრება ტრადიციების გამოხმობა:


„და ძველი კარის ახალ შეღებას

ელის სამყარო ღრმა და ხნიერი,

როგორც ლაზარე ხელის შეხებას -

ახალ სიცოცხლეს ძველი იერით".


პოეტის მიერ დასახული პერსპექტივა განახლებული ქრისტიანული ჰუმანიზმია („მე, მოქალაქე ჯაკომო პონტი, კოზიმოსა და ლორენცოს მოდგმა"), რომლის ცენტრშიც იგულისხმება ჰუმანისტური და რელიგიური ფასეულობანი (იესოს კულტურა... „თქვენ დამნაშავეს ეძიებთ ჩემში, მე - ადამიანს დამნაშავეში"). დამეთახმებით, რომ საოცარ თანხმიერებას აქვს ადგილი პაპი ფრანცისკის მიერ წლევანდელი წლის მოწყალების წლად გამოცხადებასთან.


დათო მაღრაძეს მთელი სრულყოფილებით აქვს შეგნებული, რომ მისი ხალხის იდენტურობის ფესვები სწორედ მის ღრმა რელიგიურობაშია, რაც პრაქტიკულად ვლინდება ქართულ ოჯახში, მისი ცხოვრების წესში, რიტუალებში, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაში, სიყვარულში, პოეზიაში - მერედა, როგორ ადიდებენ ქართველები პოეზიას! და ეს მისი მრწამსი პერსონაჟად გარდაისახება პოემაში „ჯაკომო პონტი":


„ვინ არის, მგონი, პოეტია".

..........................................

„ეს კაცი ეგრე ლაპარაკობს".


ამ სტრიქონებში ნათლად ჩანს, რომ პოეტური ენით გადმოცემული სიტყვაკაზმული მწერლობა ფესვგამდგარი უნდა იყოს ჩვენი მოდგმის რეალობაში და ამ კონცეფციიდან იღებს სათავეს ჭეშმარიტების ძიება, რომელიც, უპირველესად, თავად სიტყვას დაუბრუნებს ღირებულებას. მეოცე საუკუნის შემდეგ, როცა საბოლოოდ გაეყარნენ ერთმანეთს პოეტური სიტყვა და რეალობა, ხელოვნება და ცხოვრება (სიტყვა მხოლოდ თვითგამოხატვას ემსახურება), როცა მოწმენი გავხდით რელატივიზმისა და ნიჰილიზმის აღზევებისა, ქართველი პოეტი მოგვიწოდებს, რომ საჭიროა კვლავ გადაეჭდოს ერთმანეთს სიტყვა და რეალობა, როგორც აუცილებელი ელემენტი ჭეშმარიტების ძიებისთვის, როგორც მიზანი, რომელსაც ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს, რადგან მხოლოდ ღმერთშია ჭეშმარიტება, თუმცა უპირობოდ უნდა დაადგეს ჭეშმარიტებისკენ სავალ გზას. „თქვენ პირუტყვული ცხოვრებისთვის არ გაჩენილხართ, - ცოდნა გეკუთვნისთ მოიპოვოთ და სათნოება" (დანტე ალიგიერი, XVI სიმღერა. მთარგმნელები: კონსტანტინე გამსახურდია, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ტფილისი, სახელგამი, 1933 წ.გ.); დანტეს სწავლებით, სწორედ ეს უნდა იყოს ადამიანის უპირველესი მიზანი, ამავეს მოგვიწოდებს დღეს დათო მაღრაძე და სწორედ ეს განასხვავებს მას ოპონენტებისგან, სოფიზმებით ყველაფრის ჭეშმარიტ მნიშვნელობას რომ ამახინჯებენ.


რაში სდებენ ბრალს პოეტს?


მან გაბედა და ისევ ბედავს დაუპირისპირდეს დღეს გამეფებულ მენტალიტეტს, რომელსაც სურს დაამახინჯოს ადამიანის პიროვნული თავისუფლების არსი და მომხმარებლად აქციოს; ადამიანთა ურთიერთობის ერთადერთი სტრუქტურულ მოდელად „ბაზრის" ლოგიკა დააწესოს. პოეტი ბრძოლას უცხადებს სწორედ ინდივიდის იმგვარ დეგრადაციას, მოგების საგნად რომ ითვლება, როგორც საქონელი. პოეტი ღაღადებს ხელოვნების, პოეზიის, ოცნების, ყველა იმ სიკეთის ფასეულობაზე, რისი დანახვა და ყიდვა არ შეიძლება, თავისუფლებაზე, რომლის შეფასებაც შეუძლებელია, ვინაიდან ადამიანური ღირსების შიგნით არის ჩაკირული. პოეტს თავს ესხმიან, რადგან ის ადიდებს საქართველოს, სამშობლოს, რომელსაც უძღვნის იშვიათ შინაგან თრთოლვას, ამ სტრიქონებში გადმოცემულს:


„ჩემო ქვეყანავ, რაც ხარ, ეგეც რომ

ვერ ყოფილიყავ, არ გყავს შემცვლელი,

მე მიყვარს ის, რაც ალბათ შეგეძლო,

მე მიყვარს ის, რაც შენ ვერ შესძელი".


იდეალისტები საქმოსნებმა, ვაჭრებმა და ოპორტუნისტებმა შეცვალეს და სწორედ პოლიტიკოსების მხრიდან ხედავს იგი ღალატს იმ იდეალებისადმი, რომლისთვისაც იბრძოდა:


„...მოვა, რომ შენი სული დაპეპლოს,

გაგაცნობს კანონს, მოყრის ჯალათებს,

მოვა სამშობლო, როგორც სამსხვერპლო,

შემოგხვევს მკლავებს და გიღალატებს".


პოეტი არც იმ სასულიერო პირებს ერიდება, ვინც რეალურ ცხოვრებაში იესო ქრისტეს მცნებებს განუდგა:


„...რომ როცა ქრისტე მეორედ მოვა,

რწმენა დახვდება ყველგან და არსად;

დახვდება ღიპზე ჯვარი და ჯვარცმა,

როგორც ოლარზე ბოზბაშის წვეთი.

სალონში კლიმატკონტროლის განცდა,

უკან ნომერით BER001".


დათო მაღრაძე თავისი ქვეყნის კულტურის ღირსეული მემკვიდრეა და ასევე თამამად შეიძლება, მივაკუთვნოთ მთელ კაცობრიობას.


თუ ჭეშმარიტი ხელოვნების დანიშნულება ადამიანისა და სამყაროს ორიგინალური ხედვაა, თუ ჭეშმარიტი ხელოვნების დანიშნულება ეგზისტენციალურ შეკითხვებზე პასუხია, თუ ჭეშმარიტი ხელოვნება ცხოვრებასთან უწყვეტი ბრძოლაა, ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილ ხელოვნებასთან, ნამდვილ პოეზიასთან გვაქვს და დათო მაღრაძე ქმნის იმგვარ პოეზიას, რომელიც, უპირველესად, ადამიანზეა ორიენტირებული, მის პრობლემებზე, მის სისუსტესა და სიდიადეზე, მის ნაკლსა და ღირსებაზე, მუდმივ ბრძოლაზე კეთილსა და ბოროტს შორის, სამართლიანობისადმი წყურვილსა და mysteruim iniquitatis (ბოროტების საიდუმლოს) შორის, სასოწარკვეთასა და იმედს შორის.


„ეს არის ჩვენი ეპოქის წილი,

ეპოქალური შეგრძნება „ახლის",

რომ დაბრუნდება უძღები შვილი

და ცარიელი დახვდება სახლი".


და ეს ყოველი ქართველ პოეტს ადამიანის, როგორც „მომხმარებლის" დეგრადაციის წინააღმდეგ და ამ ადამიანის გაკეთილშობილებისთვის მებრძოლთა რიგებში აყენებს.


გაზეთი „ინფორმატორე". 22.01.2016 წ.

თარგმნა ნუნუ გელაძემ

გაზეთი „ლიტერატურული გაზეთი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016