დღეს, 13 თებერვალს სანდრო გირვგვლიანი 39 წლის გახდებოდა.
„გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს, მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.
ტელეკომპანია „იმედის" ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა „დროებაში" მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. „დროების" ვერსიის მიხედვით, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად „შარდენ-ბარში" თავის მეგობარ გოგონას თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიასთან, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროს ვასილ სანოძესთან და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო.
ამ ვერსიით, გირგვლიანს მეგობარი გოგონა გაუკიცხავს უცნობ მამაკაცებთან ერთ მაგიდასთან ყოფნის გამო. მაისურაძემ სასამართლოში მისი დიალოგი გირგვლიანთან ამგვარად გაიხსენა: „მან მკითხა, თუ რატომ ვიჯექი უცნობ ხალხთან. ამაზე მე ვუპასუხე, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვისთან ვიყავი და ვკითხე, თუ მხოლოდ ამის საკითხად იყო მოსული. მე არ ვიცნობდი ამ ხალხს, მაგრამ ისინი იმ გოგოს ნაცნობები იყვნენ, ვისთანაც მე მოვედი. შემდეგ მან მკითხა, რატომ ვიჯექი იმ „პედერასტთან", მიუთითა რა [გურამ] დონაძეზე (სამინისტროს პრეს-ცენტრის მეთაური)".
ბუხაიძემ უარყო ამგვარი კომენტარი, თუმცა ცნობილია, რომ ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა ვერცხლისფერ ML კლასის მერსედეს-ბენცში შეყარეს და გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის „ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი" სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.
21 თებერვალს სანდრო გირგვლიანის დედამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი დასდო მისი შვილის მკვლელობის დაგეგმვაში. მან სამინისტროს იმ ოფიციალურ პირთა დაუყონებლივ დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც გირგვლიანთან ერთად „შარდენ-ბარში" იმყოფებოდნენ.
22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა, კონსერვატიული პარტიიდან, და კობა გუნცაძემ, მემარჯვენე ოპოზიციის პარტიიდან, მთავრობას საქმის დაუყოვნებლივი გამოძიება მოსთხოვეს. მათი მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი იყო იმ პირთა შორის, რომლებმაც გირგვლიანი და მისი მეგობარი გაიტაცეს.
მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირველი საზოგადოებრივი განცხადება ამ საქმეზე 25 თებერვალს გააკეთა და მიანიშნა, რომ საქმეში ნახსენები არცერთი თანამშრომელი თანამდებობიდან არ გათავისუფლდებოდა.
6 მარტს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი - გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე - გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა „მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა". ამ პირთა სახელები არ ფიგურირებდა ტელეკომპანია „იმედის" მიერ 12 თებერვალს ეთერში გაშვებულ გადაცემაში.
7 მარტს გურამ დონაძე მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად რამდენიმე ჟურნალისტთან „კონფლიქტური ურთერთობა" გამოცხადდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შემდეგ მოითხოვეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალიას გათავისუფლება და მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება, გირგვლიანის ცემაში ეჭვმიტანილობის გამო. მმართველმა პარტიამ სრული თანადგომა გამოუცხადა მერაბიშვილს.
მცირე ხანში დათა ახალიამ და ოლეგ მელნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს დროებით, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა.
2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ, გაერკვიათ" საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.
„ინტერპოლით" ძებნილი ოლეგ მელნიკოვი კიევში 2012 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. საქართველოში მისი ექსტრადიცია 2013 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა.
2014 წლის აგვისტოში, ოლეგ მელნიკოვმა სანდრო გირგვლიანის საქმეში თავი დამნაშავედ ცნო. მისი თქმით, თაკო სალაყაიას თხოვნით, დათა ახალაიამ თავის თანამშრომლებს დაავალა გირგვლიანის და ბუხაიძის ოქროყანის სასაფლაოებზე აყვანა და ცემა.
მელნიკოვის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.
მელნიკოვის განცხადებით, მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის დაკავებით.
მელნიკოვის თქმით, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან.
ოლეგ მელნიკოვმა განაცხდა, რომ კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ, მისი საქმე ჯერაც გაუხსნელია.