საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომის „გამოძიების" განაახლებას გამოეხმაურა.
კობახიძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ არის და ვერ იქნება მხარე ვერანაირი საქმის გამოძიებაში, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება 2008 წლის ომს და ომის დანაშაულებს.
„შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რასაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება თუ ე.წ. პროკურატურა ახორციელებს, ეს არის აბსოლუტურად კანონის მიღმა, შესაბამისად, ჩვენ უნდა მივდიოთ სწორედ იმ მოთხოვნებს, რაც ექნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჰააგის პროკურორს, სადაც ამ პროცესში მხარედ საქართველოს და რუსეთია და არამც და არამც ოსეთი ან აფხაზეთი. იცით, რომ ისინი სუბიექტად არ განიხილებიან. ასე რომ, მათი ნებისმიერი ნაბიჯი კანონს მიღმაა", - განაცხადა კობახიძემ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის „გამოძიება" განაახლა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა