დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის გიორგი (გიგო) გაბაშვილის დაბადების დღეა. მხატვარი 1862 წლის 21 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მამამისი ივანე გაბაშვილი თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომელი იყო. 1868 წელს მამამისი ივანე ხოლერის ეპიდემიამ იმსხვერპლა, როდესაც გიგო ექვსი წლის იყო და ოჯახს საშინლად გაუჭირდა. გიგო საკმაოდ თავნება და რთულად აღსაზრდელი ყოფილა - რეალურ სასწავლებელში მხოლოდ ხატვის, ტანვარჯიშის და გეოგრაფიის გაკვეთილებს ესწრებოდა. დანარჩენ დროს ქუჩაში დახეტიალობდა, მტკვარზე თევზაობდა, მეგობრებთან ერთობოდა. დედა საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მხსნელად მეორე ქმარი მოევლინა, რომელმაც მკაცრად მოჰკიდა ხელი ბიჭების აღზრდას და მაშინვე შეამჩნია გიგოს ნიჭი.
10 წლის გიგო დედამ აღსაზრდელად გერმანელ ფონ დერ ნენიეს მიაბარა - გერმანული და ფრანგული ენის შესწავლის მიზნით.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის ბრძოლების მასალების შესაგროვებლად ყარსში მიემგზავრება. სწორედ ამ მოგზაურობის დროს მიიღებს მხატვარი გადაწყვეტილებას აკადემიაში ბატალური ჟანრი შეისწავლოს. 1883 წელს გაბაშვილი სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად პეტერბურგში მიემგზავრება. არასრული საშუალო განათლების გამო მან აქ სიმწიფის ატესტატზე გამოცდებიც ჩააბარა, თუმცა ამ წელს იგი აკადემიაში ვერ მოეწყო. ამის მიუხედავად, გაბაშვილი რჩება პეტერბურგში და მომდევნო გამოცდებისთვის ემზადება. პარალელურად იგი ურთიერთობას არ წყვეტს საქართველოსთან და თბილისში მყოფ მხატვარ-ბატალისტთან ფრანც რუბოსთან, რომელიც მეფის მთავრობის შეკვეთებს ასრულებდა თბილისის სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის. გაბაშვილი რაღაც პერიოდის განმავლობაში მისი ასისტენტი გახდა.
1887 წელს ეტიუდისათვის ,,ცხენი" პირველი წამახალისებელი ჯილდო მიიღო ვერცხლის მედალის სახით. აკადემიაში სწავლის პერიოდში მიღებული აქვს ასევე ვერცხლის დიდი და მცირე მედლები თავისუფალ თემებზე შესრულებული კომპოზიციებისათვის ,,ქურთი მეომარი" და ,,ქარავანი ისვენებს".
1888 წელს გაბაშვილი სწავლას ასრულებს, თუმცა სამომავლოდ, სწავლის გაგრძელების მიზნით, აკადემიურ შვებულებას იღებს, მაგრამ თბილისში დაბრუნებული უსახსრობის გამო რუსეთში ვეღარ მიემგზავრება.
სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს. ეცნობა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, აკეთებს ჩანახატებსა და ესკიზებს მომავალი ტილოებისათვის, აგროვებს ეთნოგრაფიულ მასალას.
1891 წელს თბილისში გიგოს პირველი და საოცრად წარმატებული პერსონალური გამოფენა მოეწყო. 1894 წელს რუბოს რჩევით გიგო მიუნხენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხდება, მაგრამ იმედი უცრუვდება: "თავს ვიკლავ მუშაობით და ეს პირდაპირ აისახება ჩემს ჯანმრთელობაზეც" - სწერდა იგი 1895 წელს დეკემბერში მხატვარ დავით გურამიშვილს. როგორც ამ წერილიდან ჩანს, ყოველ დღე დილის 9 საათიდან 5 საათამდე იგი მუშაობდა კომპოზიციის სახელოსნოში, ხოლო შემდეგ ხატვის კლასში.
1897 წელს აარსებს სამხატვრო სტუდიას, სადაც 20-30 მოსწავლე სწავლობს.
მიუნხენში წასვლამდე გაბაშვილი ,,სამხატვრო საზოგადოების" ხატვის სკოლაში ასწავლიდა. აქ იგი 1900 წელს ბრუნდება, ხოლო 1901 წლიდან ამავე სასწავლებლის დირექტორად ინიშნება.
1902-1903 წლებში საზღვარგარეთ მოგზაურობს და ბევრს მუშაობს. სამწუხაროდ, ამ ორი წლის მანძილზე შექმნილმა ტილოებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს, შემორჩა მხოლოდ იტალიაში შესრულებული ნამუშევარი ,,წმ. მარკოზის ტაძარი".
გიგო გაბაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სამხატვრო აკადემიის დაარსებაში (1922 წელი). აქ იგი ფერწერის განყოფილებას 1930 წლამდე ედგა სათავეში. მის მიერ არიან აღზრდილები აპოლონ ქუთათელაძე, შალვა მამალაძე, სერგო ქობულაძე და სხვები. მას დიდი წვლილი მიუძღვის ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებაში.
1929 წელს გიგო გაბაშვილს საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭეს. იგი პირველი ქართველი მხატვარი იყო, რომელსაც ეს წოდება მიაკუთვნეს.
გიგო გაბაშვილი 1936 წლის 28 ოქტომბერს ციხისძირის დასასვენებელ სახლში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის მანძილზე 2000-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. აქედან უმეტესობა დღესდღეობით შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გაბაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება რუსეთის, ამერიკისა და ევროპის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.