საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვასაც ურჩევს.
აღნიშნულის თაობაზე იმ რეკომენდაციებშია საუბარი, რომელიც ჰამერბერგმა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით შეიმუშავა.
რეკომენდაციებში ჰამარბერგი საქართველოს მთავრობას 12 რეკომენდაციას აძლევს. ესენია:
1. კომისიის მანდატი და შემადგენლობა უნდა განისაზღვროს მთავრობის გადაწყვეტილებით.
2. კომისიამ უნდა განსაზღვროს მისი წევრების როლი, სამუშაო მეთოდები
და პრიორიტეტები. რეკომენდებულია, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს
ინტიმური პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების, ასევე წამების ამსახველი ჩანაწერების საკითხს.
3. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შსს-ში არსებული ვიდეოფაილების არქივის მართვის წესების განსაზღვრა. მასალების კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული. ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უკიდურესად შეზღუდული და რეგულირებადი, რათა თავიდან ავიცილოთ ინფორმაციის გაჟონვის რისკი.
4 კომისია უნდა შეთანხმდეს, რომ კონფიდენციალურობის უფლების დაცვა არის მთავარი და ჩანაწერები, რომლებიც არღვევენ ამ უფლებას, უნდა განადგურდეს.
5. ვიდეოების განადგურების მომზადების მიზნით და ასევე იმის გასარკვევად, თუ რომელი ნაწილის ამოღება შეიძლება მოხდეს ვიდეოებიდან გამოძიებისათვის, უნდა მოხდეს ამ ვიდეოჩანაწერების სწრაფი და ეფექტური გაანალიზება.
6. გადახედვის პროცედურები უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ისე, რომ კონფიდენციალურობა იქნას დაცული.
7. თუ მასალა მიჩნეული იქნება როგორც აბსოლუტურად მნიშვნელოვანი მტკიცებულება და თუ კონფიდენციალურობის უფლებების დაცვა სრულად იქნება გარანტირებული, შესაძლოა, ჩანაწერები შენახულ იქნას როგორც მაგალითი სასამართლო გამოძიებისათვის, (ხოლო გამოძიების შემდგომ მოხდება მისი
განადგურება). თუმცა, თუ არსებობს კონფლიქტი კონფიდენციალურობის უფლებებსა და საგამოძიებო ინტერესებს შორის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონფიდენციალურობის უფლებას.
8. უნდა მოხდეს ასევე წამების სცენების ამსახველი ვიდეოების გადახედვა. კონფიდენციალურობა უნდა იქნას, დაცული როგორც მსხვერპლთა ასევე იმ დამნაშავთა, რომელთა ბრალი არ არის დამტკიცებული სათანადო სასამართლო პროცედურებით.
9. სხვა ჩანაწერების გადახედვა უნდა მოხდეს ჩანაწერების შემდგომი
კატეგორიზაციის მიზნით.
10. კომისია უნდა იყოს უფლებამოსილი მოახდინოს უკანონო ჩანაწერების მსხვერპლთა ინფორმირება.
11. კომისიის მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე გარდა იმ ნაწილისა, რაც ზიანს აყენებს კონფიდენციალურობის პრინციპების ან ხელს უშლის
გამოძიებას. კომისამ საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა მისი ნაბიჯი უნდა გაასაჯაროოს.
12. კომისიამ საბოლოო ანგარიშში დეტალურად უნდა ასახოს თავის საქმიანობა და ასევე წარმოადგინოს რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა დარეგულირდეს სათვალთვალო ქმედებები მომავალში", - ასეთია ჰამერბერგის რეკომენდაციები.