დღეს, ცნობილ ქართველ პოეტს იზა ორჯონიკიძეს 75 წელი შეუსრულდებოდა! ოჯახის წევრები და მეგობრები დიდუბის პანთეონში მის საფლავზე შეიკრიბნენ და პოეტი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
„რეპორტიორი" მაია ორჯონიკიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დედა გაიხსენა.
„იზა თბილი, მოსიყვარულე დედა იყო და ასევე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ბრწყინვალე პოეტი. ეს არის ქართული საზოგადოებისა და ლიტერატორების აზრი. იზა 75 წლის გახდებოდა, სამწუხაროა, რომ ამ დღის აღსანიშნავად, კულტურის სამინისტროს მხრიდან არაფერი დაიგეგმა. ასი წლის შემდეგ, იზა ორჯონიკიძე ეხსომებათ და კიდევ უფრო დააფასებენ, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს", - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.
პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე იზა ორჯონიკიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით იხსენებს.
„დღეს, იზა ორჯონიკიძის დაბადების დღეა. ის იყო უკანასკნელი ქართველი ლირიკოსი, ამ სიტყვების ძალიან ღრმა და ფაქიზი მნიშვნელობით. მისი ბევრი ლექსი მიყვარს, განსაკუთრებით ეს:
„მე მწარედ ვიცი ქვეყნის ავ-კარგი,
შავი დღეც ჩემი ძმა და ღვიძლია,
შენ შეგიძლია, ერთხელ დამკარგო, სხვა...
არაფერი არ შეგიძლია....
იზიდა, ვიცი, სამოთხეში ხარ, თუნდაც ამ ლექსისთვის, ნათელში იყავ!"
მწერალი და მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიაში იზა ორჯონიკიძემ ყველაზე სრულად და მძაფრად გამოხატა ქალური ბუნების ის იდუმალი მიმოქცევები, რომელთაც „წმინდა ქართული და რუტინული" აზრის საუფლოში სასტიკი ტაბუ ედო.
ქართველი პოეტი ნინო დარბაისელი კი აღნიშნავს, რომ ორჯონიკიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სცადა, გულწრფელად აესახა და პოეზიის ენაზე აემეტყველებინა ქალის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგანი სამყარო, აემეტყველებინა იმგვარად, რომ წარმოეჩინა ჩვენი მშობლიური ენის საგანძურში მცნობელ-ოსტატის მომლოდინე სიტყვებიც, რომელთაც ქართლური დიალექტიდან ჯერ კიდევ არ გადმოელახათ ლიტერატურის საზღვრები.
იზა ორჯონიკიძე დაიბადა 1938 წლის 21 ნოემბერს თბილისში. სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სლავური განყოფილება. ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა მოსკოვში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. პირველი ლექსები 1958 წელს გამოაქვეყნა. იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის ლექსთა წიგნები: „ნათელი", „ქვის სასთუმალი", „წვიმის მოსვლამდე" „ავტოპორტრეტი",„სასწაულია შეხვედრა ჩვენი".
1967 წელს დაბრუნდა თბილისში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებში: „ნაკადული", „საბჭოთა საქართველო", „მერანი". 1976-1982 წლებში იყო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. 1982 წელს მაშინდელი ხელისუფლების მცდელობით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. იმავე წელს მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „მერანში" რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ, ცოტა ხანში კი გადაიყვანეს ქართული რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1987-89 წლებში მუშაობდა საპატრიარქოში, ხოლო 1989 წლიდან კვლავ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია. 1993-96 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი.
საკუთარ ლექსებზე ძალიან ფრთხილად საუბრობდა: „ძალიან კარგად ვიცი, „ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ და საით წავალ», მაგრამ ჩემს თავს რეკლამას ვერასოდეს გავუწევ, არ არის ეს ჩემს ხასიათში. არსებობენ ჩემი წიგნები და როგორები არიან ისინი, ამაზე თქვენ, მკითხველებმა, უნდა ილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, თუ ღირს სალაპარაკოდ! აი, რომ ღირს, ეს ვიცი და მჯერა კიდეც, თორემ რატომ შემოგთავაზებდით! ეს ჩემთვის უნდა ვიცოდე და ვდუმდე!"
იზა ორჯონიკიძე მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მისი ძალისხმევით შეიქმნა მთარგმნელთა ჯგუფი, რომელიც სასულიერო სემინარიისა და აკადემიისათვის სახელმძღვანელოებს რუსულიდან თარგმნიდა. მას ეკუთვნის ახალბერძნული პოეზიის პირველი თარგმანიც. არის ასევე ანთოლოგიის ავტორი, რომელშიც თანამედროვე საბერძნეთისა და მსოფლიოში აღიარებული პოეტების საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა. ნათარგმნი აქვს ანა ახმატოვასა და იან პოლახის ლექსები.
აღსანიშნავია მისი ღვაწლი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობისას. იზა ორჯონიკიძემ უზარმაზარი შრომა გასწია გალაკტიონის არქივის განახლებისათვის. მისი ხელმძღვანელობით გალაკტიონის ტექსტები კიდევ ერთხელ გაიწმინდა უზუსტობებისაგან, გამომცემელთა ინტერპრეტაციებისგან, დედნებზე დაყრდნობით განახლდა გალაკტიონ ტაბიძის ოცდახუთტომეული, შესწორდა გაურკვევლობები, სადაც გალაკტიონის თარგმნილ ლექსებს მისი ავტორობა მიეწერებოდა. ცალკე წიგნად გამოიცა ბოდლერის, გოეთეს, ბაირონისა და რუსი პოეტების გალაკტიონისეული თარგმანები. ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა მირზა გელოვანის, ლადო ასათიანის, ნიკო სამადაშვილის კრებულები.
ვახტანგ ჯავახაძე წერდა, რომ ორჯონიკიძემ მუზეუმში ფაქტიურად, მეორე გამომცემლობა დაარსა. როგორც ერთი სოლიდური გამომცემლობა, ისე მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმი. გალაკტიონის არქივი, რომ ვნახე, შემეშინდა, მოცულობით იმოდენაა. მისი გამოცემა შეძლო იზა ორჯონიკიძემ.
იზა ორჯონიკიძე არის ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულით. პოეტური კრებულისთვის "წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა" და მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის ხელოვანს 2009 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
იზა ორჯონიკიძე გარდაიცვალა 2010 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.