reportiori.ge - ზვიად ძიძიგური: „ქართული ოცნების“ შემკვრელი ძალა ირაკლი ღარიბაშვილი იქნება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
პრეს-დაიჯესტი
ზვიად ძიძიგური: „ქართული ოცნების“ შემკვრელი ძალა ირაკლი ღარიბაშვილი იქნება!
ავტორი:
21 ნოემბერი, 2013. 17:18

პრემიერად დასახელებულ ირაკლი ღარიბაშვილს დავით საგანელიძე „ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არჩევას უპირებს. როგორც თავად ამბობს, 24 ნოემბერს ის ამ საკითხს უცილობლად დააყენებს. არის თუ არა საგანელიძის გეგმები კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების შეხედულებებთან უნისონში?

„სარკეს" კონსერვატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური ესაუბრება.


- ბატონო ზვიად, კოალიციაში, ალბათ, არ არის მოულოდნელი ღარიბაშვილის დასახელება პრემიერის პოსტზე, წინასწარ ეს ყველას გეცოდინებოდათ და ფორმალურ წარდგენას ელოდით.

- პრემიერის გადაწყვეტილება მოულოდნელი არც ჩემთვის იყო და არც კოალიციის სხვა წევრებისთვის. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. იმასთან ერთად, რომ ირაკლი არის წარმატებული მინისტრი, არის ნებისყოფიანი კაცი, აქვს ამბიცია, სერიოზული ამბიციები განახორციელოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც მოახერხებს, შეინარჩუნოს ის სტაბილურობა, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

 

- მაგრამ ჯერ მხოლოდ 31 წლისაა. პრემიერისთვის პატარა ხომ არ არის?

- ის ყველაზე ცხელ ადგილას, ყველაზე ცხელ პოსტებზე, ყველაზე რთულ სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რაც, უნდა დამეთანხმოთ, რომ გამოცდილების შეძენის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მის მენეჯერულ თვისებებს, 8 წელია მუშაობს ბიძინა ივანიშვილთან. იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე და კარგად იცის, როგორ უნდა მართოს. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მენეჯერი ჩაუდგება ჩვენს მთავრობას სათავეში.

 

- მაგრამ მაინც გაუჭირდება ივანიშვილის ჩანაცვლება.

- რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ყველასთვის ხელშეუვალი ავტორიტეტია და მისი პოლიტიკიდან წასვლა სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ერთი კაცის ირგვლივ არ ტრიალებდეს მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, მედია და ქვეყნის მთელი პოლიტიკური ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა ქვეყნის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. მისი წასვლის შემდეგ მთავრობასაც, პარლამენტსაც, სასამართლოსაც, მედიასაც და სხვასაც სრულიად ეძლევა ის ფუნქცია და დატვირთვა, რაც არის გათვალისწინებული დემოკრატიული დაბალანსების სისტემებით მთელ მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ ამ ადამიანის ნაბიჯები წლების მერე უფრო დაფასდება.

 

- ლაპარაკობენ ღარიბაშვილის კახი კალაძით ჩანაცვლებაზეც. როგორ გგონიათ, აქვს მას ის საჭირო მონაცემები, რომ შსს-ს მოერგოს?

- როგორც ბატონმა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოზე განაცხადა, ეს არის თვითონ ღარიბაშვილის გადასაწყვეტი, ვინ იქნება მისი შემცვლელი. თუ ვინ იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობაში, მოვისმენთ პარლამენტში და ეს მოხდება ინაუგურაციის შემდეგ ერთ კვირაში. რაც შეეხება კახის, ის არის ძალიან წარმატებული მინისტრი. ასევე მასაც არანაირი პოლიტიკური და სამთავრობო გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა გამოცდილება საკუთარ თავთან მუშაობისა. თანმიმდევრული კაცია და ამიტომაც მიაღწია სერიოზულ წარმატებებს სამინისტროში. როგორც პოლიტიკოსს, კახის ვაკვირდები მოსვლის დღიდან. ის ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ეს კი ყველა წარმატების საწინდარია. ასე რომ, არ დავიწყებ იმის განსჯას, შს მინისტრი ვინ იქნება ან როდის, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, შს სამინისტროში მიღწეული წარმატებები იქნება არამარტო შენარჩუნებული, არამედ განვითარებული. მინდა, ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ოპონენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან", რომლებსაც თვალები ჰქონდათ დაფაციცებული, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ პოლიტიკური ბალანსი მათ სასარგებლოდ შეიცვლებოდა. ამ მხრივ მათ რამე ტიპის პერსპექტივა და იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ჩვენი კოალიციის სიმყარე ქვეყნის მართვაში არის სრულიად ხელშეუხებელი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის, შენარჩუნების და წარმატების გარანტია იყო ბიძინა ივანიშვილი. ახლა, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, უფრო შეიკვრება კოალიცია.

 

- ივანიშვილმა ღარიბაშვილის დასახელებით ერთგულ კადრზე შეაჩერა არჩევანი. გამოდის, რომ პოლიტიკოსებს ნაკლებად გენდობათ. არც პროფესიონალიზმზე უფიქრია დიდად.

- თუ ვინმეს ჰგონია, რომ მინისტრები უნდა იყვნენ დარგის პროფესიონალები, არ არის სწორი მიდგომა. მინისტრები უნდა იყვნენ კარგი მენეჯერები. ყველა მინისტრი, ივანიშვილის პირობებში, არის კარგი მენეჯერი, მათ შორის ზოგი გამოირჩევა უაღრესად მაღალი პროფესიონალიზმით. საერთო ჯამში კი, არც ერთი დაბნეული და უპასუხისმგებლო მინისტრი, როგორიც გვინახავს ბოლო წლებში, ამ მთავრობაში არ არის.

 

- პრემიერს რას უპირებს პარლამენტი? საკონსტიტუციო ცვლილებებს ვგულისხმობ.

- ვამზადებთ ახალი კონსტიტუციის რედაქციას. შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. კომისია ერთ წელიწადში დადებს ახალ კონსტიტუციას, რომლის ირგვლივაც საჭიროა ფართო საზოგადოების კონსენსუსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დავდოთ ისეთი კონსტიტუცია, სადაც ანომალიური ჩანაწერები არ იქნება - ისეთი, რომ პრეზიდენტს შეუძლია, მთავრობა დაითხოვოს და ა. შ. საკმაოდ ბევრი იტანჯა საქართველოს კონსტიტუციამ და საბოლოოდ კარგი რედაქცია უნდა მივიღოთ. შემდეგ კი მოვილაპარაკოთ, რომ დავანებოთ თავი მის ჯიჯგნას.

 

- მთავრობის წევრები, რომლებიც ივანიშვილის უკან იდგნენ, ძალიან გახარებულები ჩანდნენ, როცა ღარიბაშვილს წარადგენდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ივანიშვილი, ყველა ყურებამდე იღიმოდა. მართლა ასე გუხარდათ?

- ირაკლი ღარიბაშვილი ყველას უყვარს, არის კომუნიკაბელური, ზრდილობიანი, საქმის მცოდნე, ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს და არც მოულოდნელი ყოფილა ვინმესთვის ეს კანდიდატურა.

 

- თინა ხიდაშელსა და ღარიბაშვილს შორის არსებული უთანხმოება კარგად გვახსოვს.

- ეს არის თემა, რომელიც ასიათასჯერ არის გადალახული. წინასაარჩევნო პერიოდი არ იყო კომფორტული და გვიწევდა ერთმანეთთან რაღაც ტიპის უსიამოვნებებიც და პრობლემებიც, მაგრამ მაშინ რაც გავრცელდა, ეს იყო ბინძური ფალსიფიკაცია. მიუხედავად პატრა უთანხმოებებისა, კოალიცია იყო შეკრული და მიზანმიმართული გუნდი. უნდა გითხრათ, რომ „რესპუბლიკური პარტია" იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწადინებული, ღარიბაშვილი ყოფილიყო პრემიერი. გამოცდილი ხალხია და კარგად იციან, რომ ეს არის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია.

 

- დავით საგანელიძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა - პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეობას ვგულისხმობ.

- „ქართული ოცნება" არის ყველაზე რეიტინგული პარტია, ივანიშვილის ავტორიტეტიდან გამომდინარე. ამასთანავე, მასში ავტორიტეტული ხალხია, შეიძლება პოლიტიკურად ნაკლებად გამოცდილი, მაგრამ საზოგადოებაში ნდობით სარგებლობენ. იმისთვის, რომ ეს იყოს ორგანიზებული ძალა, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერის ფუნქციები ჩაიბაროს ადამიანმა, რომელიც შეკრავს ამ გუნდს. როცა ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის, პარტიის თავმჯდომარედ თუ დარჩა, როგორღა მიდის? ამიტომ, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარედ უნდა განიხილებოდეს ადამიანი, რომელსაც შეეძლება პარტიის შეკვრა. რაც შეეხება კოალიციაში ღარიბაშვილის ყოფნას, ის, რა თქმა უნდა, კოალიციაში მოიაზრება და პოლიტიკურ საბჭოში იქნება, ამავე დროს იქნება „ქართული ოცნების" ხელმძღვანელიც, თუკი, რა თქმა უნდა, აირჩევენ. ვფიქრობ, ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ.

 

- მაგრამ მეორე კუთხიდან რომ შევხედოთ, ივანიშვილმა პრემიერი და პრეზიდენტი უპარტიო მოიყვანა, ახლა პრემიერისთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭება ისევ ძველ რეალობაში დაგვაბრუნებს?

- საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი უნდა იყოს უპარტიო, მაგრამ ასეთი შეზღუდვა პრემიერის და პარლამენტის მიმართ არ არსებობს.

 

- მაგრამ დავით უსუფაშვილი უკვე წავიდა „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის თანამდებობიდან.

- კი, ის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის" წევრად რჩება. ასევე არანაირი აკრძალვა არ არის ღარიბაშვილის, მომავალი პრემიერის მიმართ. არსებულ კანონმდებლობასთან ეს სრულ შესაბამისობაში იქნება.

 

- კანონთან მიმართებაში გეთანხმებით, მაგრამ ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ხომ არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი?

- იქით გკითხავთ, უსუფაშვილის თავმჯდომარეობამ რაიმე საქმეს ხელი შეუშალა? არა მგონია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016