საქართველოს პარლამენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს დღეს დავით უსუფაშვილმა და ეკა გიგაურმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედებული პროგრამის - „ჩემი პარლამენტი" ფარგლებში გაფორმდა.
„ჩვენი, პარლამენტის მიზანია, ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული დემოკრატია დამკვიდრდეს. შეიქმნას სისტემა, როცა ყველა გადაწყვეტილება არის კარგად გააზრებული და მასში მონაწილეობს ქვეყნის მოსახლეობა. ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთანაც ჩვენ დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, საჯარო დაწესებულებებსა და მოსახლეობას გვეხმარება, უკეთ ვიყოთ ინფორმირებული ერთმანეთის მოსაზრებების თაობაზე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.