reportiori.ge - დღეს ღირსი მატრონას ხსენების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:24
რელიგია
დღეს ღირსი მატრონას ხსენების დღეა
22 ნოემბერი, 2013. 11:50

დღეს ღირსი მატრონას ხსენების დღეა. ღირსი მატრონა პამფილიის პერღამში V საუკუნეში დაიბადა. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როდესაც ასული შეეძინათ - თეოდოტია, მეუღლეები კონსტანტინეპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.


ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას, რომლებიც აქ სიყრმიდანვე მოღვაწეობდნენ. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით - თავშეკავებითა და მარხვით დაიწყო ცხოვრება. წმიდანის სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა. ერთხელ, ფხიზელი ძილის დროს, მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. შვილი დედა სოსანას  ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს  მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის აქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს. იმის შიშით, რომ ბერებს მისი საიდუმლო არ შეეტყოთ, მატრონა გამუდმებით მდუმარებდა და ბევრს შრომობდა. ძმობას აკვირვებდა ბაბილას დიდი სათნოებები.

 

რამდნიმე ხნის შემდეგ, მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს სიზმრისეული ჩვენებით გაუცხადდა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმიდა აბრაამის მონასტრის იღუმენს - ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმიდა მატრონას მოუწოდა და მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, რა მიზნით მოვიდა მონასტერში - ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ სურდა. წმიდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. უთხრა, თუ როგორ არ აძლევდა მოსვენებას მისი ღვაწლისა და ლოცვის მოძულე ქმარი და თუ როგორ მოუვლინა უფალმა ხილვა, რომლითაც მამათა მონასტერში წასვლა უბრძანა. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმიდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ.
ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებელებს დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისაგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად თანდათან დედაკაცებმა და ქალწულებმა იწყეს დასახლება და მალე ახალი მონასტერიც დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. თავისი სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მოსაგრემ კონსტანტინეპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადმოვიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინეპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.

ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016