ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება. პირველი ოთხი პარტია ყაიმით დასრულდა, თითქმის ყველაში, მოქმედი ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი თავს იცავდა და უზუსტესი სვლებით ახერხებდა ახალგაზრდა ნორვეგიელი პრეტენდენტის მაგნუს კარლსენის შეტევების გაუვნებელყოფას. სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ინდოელი ვერ გაუძლებდა მეტოქის ასეთ შემოტევას; მართლაც მე-6 და მე-7 პარტიებში კარლსენმა ანანდის მცირე გადაცდომები მოგებულ ქულებად აქცია. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ჩემპიონი იძულებული გახდა თავად შეეტია, ასეთ ვითარებაში კი ნორვეგიელი ვუნდერკინდი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და შედეგმაც არ დააყოვნა: მე-9 პარტიაში, უკვე 29-ე სვლაზე, მესამე გამარჯვება მოიპოვა, 6:3 დაწინაურდა და ბოლო სამ შეხვედრაში ნახევარი ქულაც ჰყოფნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.
ამრიგად, ძალიან მალე საჭადრაკო სამყაროს ახალი ჩემპიონი ეყოლება და მისი სახელია მაგნუს კარლსენი.
ვარშავაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭადრაკეები ლიდერებში არიან: თამარ ხმიადაშვილი და ნონა გაფრინდაშვილი 5,5-5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ და ლიდერ ელენა ანკუდიმოვას ნახევარი ქულით ჩამორჩებიან. ნინო მელაშვილს 4 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა.